მამაკაცს, რომელმაც ცოლზე ძალადობისას 8 თვის ბავშვი მოკლა, ბრალი წარედგინა
გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა.
დაკავებულის ადვოკატის, მინარი მურღვაშვილის ინფორმაციით, დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცა, მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შეგახსენებთ, მამაკაცმა გურჯაანში ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 8 თვის შვილი კი, რომელიც ამ დროს დედას ხელში ეკავა, გონების დაკარგვის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი გუშინ დააკავა. მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დაუმძიმდება თუ არა ბრალი მამაკაცს, ჯერ უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ძალადობას გულისხმობს.
დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხზე გურჯაანის სასამართლო 11 მარტს იმსჯელებს.