8 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, გურჯაანის სასამართლო დღეს იმსჯელებს
გურჯაანის სასამართლო დღეს, იმ ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე იმსჯელებს, რომელსაც 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა.
აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ კაცს, ბრალი 10 მარტს წარუდგინეს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანში, ოჯახურ კონფლიქტს 8 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა 9 მარტს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ზ.შ.
სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.
მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4- დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.