თეგებით ძიება

ჩაქვი - უდიდესი ისტორიის მქონე მივიწყებული ტურისტული დაბა

ყველასგან მივიწყებული, ერთი შეხედვით უბრალო, თუმცა გონიერი თვალისთვის ადვილად მისახვედრი ღირებულებების მქონე დაბა ჩაქვი, ყველა მის ფასეულობასთან ერთად, უდიდესი ისტორიის მატარებელია, თუმცა სამწუხაროდ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც კი იცის მისი არსებობისა და მნიშვნელობის შესახებ.

ჩაქვის „ისტორია“, დღევანდელი კვლევების მიხედვით, ქვის ხანიდან იწყება, რასაც ადასტურებს შემთხვევით აღმოჩენილი უნიკალური არქეოლოგიური მასალა (ე.წ. „განძი“- არაერთი დახვეწილი და აქტიურად გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო ნივთი).

აღსანიშნავია, რომ 1720 წლამდე, ჩაქვი გურიის სამთავროს შემადგენლობაში მოექცა. 1995 წლიდან მას მიენიჭა დაბის სტატუსი და ის საბჭოთა კავშირში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ჩაქვი - უდიდესი ისტორიის მქონე მივიწყებული ტურისტული დაბა


ჩაქვში გაშენებული იყო ჩინეთიდან ჩამოტანილი ჩაის პლანტაციები, რომლის გაშენებაც უკავშირდება ჩინელ ლაო-ჯინჯაოს, რომლის დამსახურებული მოღვაწეობისთვის „ლაო-ჯინჯაოს სახლმუზეუმიც“ ჩაქვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია.

ლაო ჯინჯაოს სახლმუზეუმი



სწორედ ჩაქვის ისტორიამ და სტრატეგიულმა მდებარეობამ შეუწყო ხელი მის პოპულარიზაციას, მაგრამ სამწუხაროდ, უყურადღებლობის გამო, ის დღესაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ნაკლებად ცნობილია.

ვფიქრობ, ჩაქვი მართლაც ძალიან პერსპექტიულია სხვადასხვა კუთხით, რასაც ხელს უწყობს, სწორედ მისი უპირობოდ მნიშვნელოვანი მდებარეობა - იგი ხომ ორ საკურორტო და სეზონზე საკმაოდ ხმაურიან ქალაქს, ბათუმსა და ქობულეთს შორისაა გაშენებული.

ასევე პრიორიტეტულად მნიშვნელოვანია ჩაქვის ბუნებრივი პირობები - ზღვისა და მთის ჰავის ჰარმონიული ნაზავი, რომელიც ჯანმრთელობისათვის ძალიან სასარგებლოა.

ჩაქვში თვალისთვის ადვილად აღსაქმელი საოცარი ხედებია, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უყურადრებობის გამო, ხელშეუხებლადაა წარმოდგენილი, თუმცა, ამის მიუხედავად, მათი ბუნებრივი მშვენიერება ყოველ მნახველს შთაბეჭდილების ქვეშ აქცევს და შემოქმედი თვალის ფოტოაპარატის ფოკუსში დაუვიწყარ კადრებად შეშდება...

ყველა მნახველი დამერწმუნება, რომ მართლაც დაუვიწყარია საკმაოდ ცნობილი „მტირალას პარკი“, „ბოტანიკური ბაღი“ და მათ პარალელურად ის ჩრდილქვეშ შეყუჟული უნიკალური ხედები, რომელთა შესახებაც არა მარტო უცხოელი თუ ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონელი საზოგადოების, არამედ ჩვენივე რეგიონის მკვიდრთათვისაც კი ნაკლებადაა ცნობილი.

ყოველივე ეს კი, რაღა თქმა უნდა კარგი მენეჯმენტის, სწორად დაგეგმილი აქტივობების, სათანადო ყურადღების მიქცევისა და შესაბამისი რეკლამირება-პოპულარიზაციის შედეგად, ვფიქრობ, ტურიზმის განვითარებისათვის მართლაც უპირობოდ მნიშვნელოვანი გარანტი იქნება, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, სარგებელს მოუტანს, როგორც ჩემი რეგიონის, ასევე საქართველოს ეკონომიკას!

მტირალას ეროვნული პარკი



მტირალას მთა შავ ზღვასა და აჭარის მთათა სისტემას შორის, მდინარეეების, ჩაქვისწყლისა და ყორაღისწყლის, წყალგასაყარზე მდებარეობს. მტირალას ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ასაკის, ეგრეთ წოდებული, „ნაღვარევის წყების“ ვულკანურ-დანალექი ქანებით. ის ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის მანძილზე აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას ქვეყნის ყველაზე სველ ადგილად აქცევს. ტოპონიმი „მტირალაც“ ამ მთას, სწორედ, უხვნალექიანობის გამო შეერქვა.

მტირალას ეროვნულ პარკში ყოველწლიურად იმატებს ტურისტების რაოდენობა, რაც ხელს უწყობს ჩაქვის პოპულარიზაციას.

ჩაისუბანი, სადაც აღმოჩენილია უნიკალური არქეოლოგიური მასალა



დღეისათვის ისევ გაგრძელდება გათხრები ორივე ობიექტზე. პირველი იქნება შუამთის ნასაყდრალი, სადაც შეისწავლება ანტიკური ხანის ერთ–ერთი სათვალთვალო პუნქტი. აღმოჩენილია საკმაოდ ძველი პერიოდის, ბრინჯაოს ხანის ქვის სანაყი და შუა საუკუნეების ცალკეული მონაპოვრები.



მეორე უბანია შუამთა, სადაც გასული წლის არქეოლოგიური გათხრებით გამოვლინდა გვიანანტიკური თუ ადრე ბიზანტიური ხანის მარნის ნაშთები, ასევე სამი ქვევრი, გამოჩნდა კიდევ ორი ქვევრის პირი. მოსალოდნელია მთელი კომპლექსი. ასევე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მარანი პირველად შეისწავლება ჩვენს სინამდვილეში.

ჩაის ფაბრიკა



P.S. აღსანიშნავია, რომ ჩაქვში ძალიან ბევრი ადგილია, რომელიც ამ ეტაპისთვის ნაკლებად ცნობადია და ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოების აუხსნელი უყურადღებობა გადაიხედება და ჩემი რეგიონისა თუ ქვეყნის კეთილდღეობისათვის მისით გამოწვეული პრობლემები აღმოიფხვრება, რაც ცხადია გულისხმობს, რომ ჩაქვის პოპულარიზაციითა და ინფრასტრუქტურის სათანადო განვითარებით, საქართველო მეტ ტურისტს მიიზიდავს, შესაბამისად იგი ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვან ბერკეტად შეიძლება იქცეს!

ავტორი: გურანდა ქათამაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა