სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშავებული თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.
უწყების ცნობით, ლევან ხაბეიშვილსა და მის ადვოკატს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით დაბარებასთან დაკავშირებით უწყება ჩაბარდათ, თუმცა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციითვე, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროში შემდგომში გამოთხოვის მიზნით წერილი გაგზავნეს ლევან ხაბეიშვილთან შემხებლობაში მყოფი სამართალდამცავთა ვინაობის თაობაზე.
„მიმდინარე საქმის ფარგლებში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 1-ელ მაისს დაიწყო გამოძიება აქციაზე დაშავებული ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით.
ლევან ხაბეიშვილთან დაუყოვნებლივ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია მისი გამოკითხვის მიზნით, თუმცა, მან გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ 3 მაისს, ლევან ხაბეიშვილს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ჩაბარდათ უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით დაბარებასთან დაკავშირებით, რაზედაც უწყებას პასუხი არ მიუღია.
გამოძიების ეტაპზე დათვალიერდა ის ლოკაცია, სადაც ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელებსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მომხდარ ინციდენტს, იდენტიფიცირებული იქნა შემთხვევის ადგილზე განთავსებული გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა საქართველოს ეროვნული გალერეის და მის მიმდებარედ განთავსებული ობიექტების ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე; სამედიცინო კლინიკაში გაგზავნილი იქნა წერილი ლევან ხაბეიშვილის სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემდგომში ამოღების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ასევე მოთხოვნილი იქნა სამედიცინო კლინიკის ჩანაწერების შენახვა/დაარქივება, შემდგომში გამოთხოვის მიზნით; შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა წერილი ლევან ხაბეიშვილთან შემხებლობაში მყოფი სამართალდამცავთა ვინაობის თაობაზე; სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია ლევან ხაბეიშვილისა და სპეცრაზმის თანამშრომლებს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით, მათ შორის დაუმუშავებელი ვიდეომასალის“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.