თეგებით ძიება
12. 03. 2021 მსოფლიო

AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება უნდა გავაგრძელოთ - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის არგამოყენების საფუძველი არ არსებობს.

„დიახ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება. არ არსებობს იმის მიზეზი, რომ იგი არ გამოვიყენოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა.

11 მარტს, ევროპის წამლის სააგენტომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ურჩია, მოსახლეობის AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა განაგრძონ.

„ევროპის წამლის სააგენტოსთვის ცნობილია, რომ დანიის ჯანდაცვის ორგანომ შეაჩერა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებით ვაქცინაციის კამპანია. ეს სიფრთხილის ზომა იყო. გამოძიება მიმდინარეობს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თრომბის შემთხვევას ჰქონდა ადგილი ვაქცინირებულ პირებს შორის, მათ შორის ერთი შემთხვევა დანიაში დაფიქსირდა, როდესაც ადამიანი გარდაიცვალა. ზოგიერთმა სხვა წევრმა სახელმწიფომ ასევე შეაჩერა ვაქცინაცია ამ ვაქცინით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის წამლის სააგენტოში აღნიშნეს, რომ ამჟამად არ არსებობს იმის მითითება, რომ აღნიშნული პირობები ვაქცინაციამ გამოიწვია.

„ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის პოზიცია ის არის, რომ ვაქცინის სარგებელი მის რისკებს აღემატება და ვაქცინის ორგანიზმში შეყვანა შეიძლება გაგრძელდეს, ვიდრე თრომბოემბოლიური გართულებების შემთხვევების გამოძიება მიმდინარეობს“, - აღნიშნეს უწყებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა