თეგებით ძიება
16. 03. 2021 მსოფლიო

AstraZeneca-ს ვაქცინაციის შეჩერება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო - იტალიის წამლების სააგენტო

იტალიის წამლების სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლა მაგრინის განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინაციის შეჩერება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ Reuters იუწყება.

„ჩვენ დროებით შევაჩერეთ ვაქცინაცია, ვინაიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა შემოწმების ჩასატარებლად ვაქცინაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს პოლიტიკური არჩევანია“ - განაცხადა ნიკოლა მაგრინიმ გაზეთ la Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მაგრინის განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა უსაფრთხოა. რისკის და დადებითი ეფექტის თანაფარდობა საერთო ჯამში პოზიტიურია. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან იტალიაში 8 გარდაცვალების შემთხვევა და 4 სერიოზული გართულების ფაქტი დაფიქსირდა.

მაგრინიმ, ასევე, დაამატა, რომ იტალიის წამლების სააგენტოს 2-3 დღე დასჭირდება, რათა ყველა აუცილებელი ინფორმაცია მოიძიოს და მას შემდეგ, რაც ეჭვები გაქრება, ვაქცინაცია უფრო სწრაფი ტემპებით განახლდება, ვიდრე აქამდე.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს თანამშრომლების ვაქცინაცია ხდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა