ჟოზეფ ბორელი - ყველას ვთხოვთ, კომპრომისზე წავიდეს
ყველას ვთხოვთ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდეს, - ამის შესახებ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იცით, რომ ევროკავშირი დიდი ხანია ჩართულია ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს ჩვენ ფასილიტაციიდან გადავედით დიალოგზე, რომელიც მედიაციას გულისხმობს. საქართველოში იმყოფებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, დღეს ჩვენი საუბრის ფორმალური ნაწილი ამ მედიაციის პროცესზე იყო კონცენტრირებული. ჩვენ პირადად პრეზიდენტისგან და შემდეგ დანიელსონისგან გვაქვს ინფორმაცია მიღებული და გვინდა, რომ სრულად იყვნენ ამ პროცესში საქართველოს ოპოზიციური და მმართველი ძალის წარმომადგენლები ჩართულები. შეთანხმება ჯერ არ არის, მაგრამ როგორც პრემიერ-მინისტრი ბრძანებს, ვალდებულება აღებულია კონსტრუქციულ დიალოგზე და პროგრესზე და იგივე უნდა მოხდეს ოპოზიციური პარტიებისგანაც...
ჩვენ პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ ქვეყანაში პლურალიზმის დამკვიდრებას. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს საქართველოში უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან და ყველას ვთხოვთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდეს.
ეს მომენტი და ეს დრო არის გადამწყვეტი. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენელი ხელისუფლებაში, რომლებიც წარმოადგენენ მის ინტერესებს ევროკავშირში და ჩვენც საუკეთესო ინტერესებით ვმოქმედებთ“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.