ევროპარლამენტარი - საქართველომ ევროპის გაწვდენილი ხელი არ მიიღო, მოლაპარაკების შედეგზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება
საქართველომ ევროპის გაწვდენილი ხელი არ მიიღო, მოლაპარაკების შედეგზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, - ,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრმა ლიეტუვიდან და ამ ქვეყნის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა რასა იუკნევიჩიანესმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.
როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროკავშირის მედიაციით წარმართული მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპს? თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი მის წარუმატებელ დასასრულზე?
ნამდვილად ველოდი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული პოლიტიკური ელიტა გამოიყენებდა ამ შანსს, როცა ძალიან მაღალი დონის ევროპელი ლიდერების ჩართულობით, ამგვარი მოლაპარაკებები დაიწყო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მედიაციის პროცესი ევროპის მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, პირველ რიგში, რომ საქართველო მარტო არ არის. ის ბევრს ნიშნავს ევროპისთვის, ევროკავშირისთვის და ჩემი ჩათვლით, მას ევროპის კონტინენტზე მნიშვნელოვან ქვეყნად განვიხილავთ. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც დღემდე მოვიაზრებდით, როგორც ლიდერს რეგიონში დემოკრატიული რეფორმების და ევროპასთან პარტნიორობის კუთხით. მაგრამ, ხუთშაბათის შემდეგ, მე იმედგაცრუებული დავრჩი. მაქვს ბევრი წუხილი და შეშფოთების მიზეზი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა მოხდება ახლა, მაგრამ, მსგავს შემთხვევებში, მოლაპარაკების პროცესის შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას, მთავრობას ეკისრება, რამეთუ მას გააჩნია ყველა რესურსი. ის აკონტროლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, და გავლენა აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ვიტყოდი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს, ამ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ხელი, რომელიც ევროპამ საქართველოს გაუწოდა, ქვეყანამ არ მიიღო.
რას მოიმოქმედებს ევროპა ახლა და რა გამოსავალს ხედავთ შექმნილი ჩიხიდან?
ჩვენ, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, სამომავლოდ [საქართველოს დასახმარებლად], მაგრამ, ვერ ვიქნებით უფრო მეტად ქართველები, ვიდრე თვითონ ქართველები. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში ბედნიერი და გამარჯვებულია, რუსეთის ფედერაციაა. ეჭვი ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც კულისებში იყო და არ ჩანდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს. მე ძალიან გულწრფელად გეტყვით ამას. ხუთშაბათის შემდეგ, ჩემი ეჭვები უფრო გამყარდა. ჩემს კოლეგებთან, ან მეგობრებთან „ქართულ ოცნებაში“ და ოპოზიციაში ხშირად მიკითხავს ამაზე. ევროპარლამენტში არ გვაინტერესებს რომელი პარტიაა მთავრობაში და ვის მიყავს ქვეყანა ევროპული გეზით, მაგრამ, მე არასდროს მინახავს ბიძინა ივანიშვილი არც ბრიუსელში ან ვაშინგტონში, რომ ის შეხვედროდეს იქ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, არასდროს მინახავს მისი ინიციატივა ან მოწოდება ოპოზიციისადმი, რაიმე შეთანხმების მისაღწევად, არასდროს მინახავს მისი ხელმოწერა იმ დოკუმენტზე, რომელიც ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. ეს ადრეც მითქვამს, წლების წინ. შესაძლოა, იგივე მოსაზრება გააჩნდეთ ვაშინგტონში. ჩვენ არასდროს გვინახავს ყოფილი ლიდერების ხელმოწერა, ან მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა სადმე. დღეს კი მგონია, რომ ქართველების დიდი ნაწილი ამ ყოფილი ლიდერების პირადი შეხლა-შემოხლის და დაპირისპირების მძევალია. არცერთი აღნიშნული ლიდერი აღარ არის ავანსცენაზე, თუმცა, ვფიქრობ, მათი პირადი დაპირისპირება ორივე მათგანისთვის უფრო მთავარია, ვიდრე ქართველი ხალხის მომავალი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ოლიგარქიულ გავლენებსა და [ქვეყნის] მიტაცების რისკებზე საუბრობს საქართველოში. თქვენი აზრით, რა გამოხატულება აქვს ამ ფაქტორს, რეალურად?
ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ფიგურის არსებობა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ევროპულ გაგებას. დემოკრატია ჩვენ გვესმის, როგორც სახელმწიფოს ისე მოწყობა, სადაც მაგალითად, ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იქნება ეს დღევანდელი ოპოზიცია თუ “ქართული ოცნების” ოპოზიცია მომავალში და არჩევნების მოგება სულაც არ ნიშნავს ყველაფრის შენს სასარგებლოდ მართვას. ოპოზიციას დიდი როლი ეკისრება დემოკრატიაში, ამიტომაც არის ასეთი ტერმინი დიდ ბრიტანეთში: "მისი უდიდებულესობა დედოფლის ოპოზიცია", ან "მისი უდიდებულესობა დედოფლის მთავრობა." გაგება ასეთია: ორივე ძალა ან თუ გნებავთ ფრთა, ძალიან მნიშვნელოვანია. როცა არჩევნებს იგებ, შემდეგ აკეთებ ყველაფერს, რათა ოპოზიცია ჩართო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, და აღჭურვო ის შესატყვისი ინსტრუმენტებით ქვეყნის ეფექტურობის მიზნით. საქართველოში კი, “ქართული ოცნების” პირობებში, ოპოზიცია გამოცხადებულია, როგორც მტერი. იგივე ტენდენციას ვხედავ რუსეთში, მთავრობის მხრიდან, თუმცა უფრო მტრულ და აგრესიულ ჭრილში და არ ვისურვებდი, რომ საქართველო ანალოგიურ გზას დაადგეს. ეს ძალიან ცუდი იქნება და ველი, რომ ის ახალგაზრდა, ბრწყინვალე არაერთი ლიდერი “ქართული ოცნების” შიგნით, გამოიჩენს სიმხნევეს და იზრუნებს ამ, ან თუნდაც სხვა პარტიების შესაცვლელად. ევროპელი უნდა იყო შენი წესებით, ღირებულებებით, მოქცევის სტილით.
როგორ იმოქმედებს ბოლო მოვლენები და ის წინა არაერთი ისტორია, რამაც მიმომხილველები შეაშფოთა, საქართველოს იმიჯზე?
გულწრფელად გეტყვით, რომ ევროპელების დიდი ნაწილი, თუნდაც ევროპარლამენტარები, საქართველოზე გამუდმებით არ ფიქრობენ. რა თქმა უნდა, საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს ევროპარლამენტში, სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა თუ სახალხო პარტიის და ლიბერალების წრეებში. მაგრამ, ეს არ არის არსებული პოლიტიკური წრეების სრული უმრავლესობა. ამიტომაც, საქართველოს მეტი მეგობარი და მეტი გულშემატკივარი სჭირდება. მაგრამ მაშინ, როცა არსებული მეგობრები იმედგაცრუებულები ან გულმოსულები ვართ, ჩვენთვის ძალიან ძნელია გვქონდეს მეტი არგუმენტი ან ინსტრუმენტი იმის საჩვენებლად, რომ საქართველო დემოკრატიული პროცესების ლიდერია და ის იმსახურებს წევრობას ყველა მოწინავე ერთობასა და ორგანიზაციაში. შესაბამისად, საქართველოში ბოლოს განვითარებული მოვლენები ვნებს მისი მეგობრების უნარს და კიდევ უფრო ართულებს მათ ძალისხმევას მხარი დაუჭირონ მის მისწრაფებებს და შემოიკრიბონ საქართველოს მეტი მეგობარი. ამდენად, ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველო, ევროპული გადაწყვეტილებების დღის წესრიგის ცენტრში არ არის და რომ ქვეყანას ბევრი აქვს გასაკეთებელი ამ ადგილის მოსაპოვებლად.
როგორ ხედავთ მომავალში ლიეტუვის მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების წარმატებაში?
ლიეტუვაში არამარტო პოლიტიკოსებს, არამედ ხალხს ძალიან უყვარს საქართველო. ეს, ადამიანებს შორის სიახლოვეზე მეტყველებს. გახსოვთ ალბათ, როგორ ადვილად შევძელით “გრუზიას" ნაცვლად, “საქართველოს” სახელის დაწესება. დღეს, შესაძლოა ეს ზოგს კვლავ შეეშალოს ლიეტუვაში, მაგრამ შეცდომას იქვე გაუსწორებენ ამ ადამიანს. ბევრისთვის ეს, უბრალოდ სიახლე იყო. ამიტომაც, ლიეტუვაში სურთ საქართველოს წარმატება და გვინდა პოლიტიკოსებმა ფუჭად არ ფლანგონ დრო, ის, რასაც განსაკუთრებით, მმართველი “ქართული ოცნების “ პარტია აკეთებს.
და მაინც, უფრო კონკრეტულად, რა განცხადებები გადაეცა პრემიერ ღარიბაშვილს ბრიუსელში, ამ კვირაში ვიზიტისას?
პირადად მე არ შევხვედრილვარ ქართველ პრემიერს, თუმცა ვიცი მისი ვიზიტის და სრულად, იმ მესიჯების შესახებ, რომელიც მან მიიღო, განსაკუთრებით ნატოს გენერალური მდივნისგან. ევროპელი ლიდერები ძალიან დიპლომატიური ენით და მიდგომებით გამოირჩევიან, თუმცა, ნატოს გენერალური მდივანი ძალიან ღია და პირდაპირი იყო. ბატონ ღარიბაშვილს, გამოცდილი პოლიტიკოსობა სულაც არ სჭირდება იმასთვის, რომ გაიაზროს ის პირდაპირი შეგონება, რომ მმართველი პარტიის მოვალეობაა დაჯდეს ოპოზიციასთან. თუ პრემიერმა ეს სხვაგვარად აღიქვა, მას ალბათ არ ჰყოფნის გამოცდილება, მაგრამ, სათქმელი ღიად და მკაფიოდ გადაეცა, რომ მისი პასუხუსმგებლობა აქ ძალიან დიდია.