მამუკა მდინარაძე - ჩვენი კომპრომისული ნაბიჯები ისევ დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე და ოპოზიციას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება
ჩვენი კომპრომისული ნაბიჯები ისევ დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე და ოპოზიციას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, მმართველი გუნდი დღის ახალ წესრიგზე გადავა, რადგან შეუძლებელია, თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი.
„მათ ვერ შეძლეს ვერც ერთი კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა მოლაპარაკების პერიოდში, მოლაპარაკება ქვეყნისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდა. შესაბამისად, ჩვენ დღეს დეტალურად ჩავაყენეთ ყევლა საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა საქმის კურსში და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კომპრომისული ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მხრიდან გადაიდა და წინადადებები, ისევ დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე და ოპოზიციას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხების მიმღებლობის შესახებ და ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, რომ კვლავ გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი. თუმცა, სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებების ეს ეტაპი კონკრეტული შედეგით ვერ დასრულდა, ჩვენს ოპოზიციას, რადიკალურს განსაკუთრებით, არ ეყო გამბედაობა, რომ საკუთარი ამომრჩევლისათვის სიმართლე ეთქვა, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს და სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა და რომ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ჰქონდა უამრავი კომპრომისული ნაბიჯი, უამრავი კომპრომისული წინადადება, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო წასვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გადავდიეთ ახალ დღის წესრიგზე. მართლაც შეუძლებელია, თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი“, - განაცხადა მდინარაძემ.