თეგებით ძიება

აჭარული სამზარეულოს სიამაყე - ბორანო

ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძია, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება-განვითარების საფუძველზეა შექმნილი. მისი ისტორია საუკუნეების უკან იწყება და კულინარიაში რძის პროდუქტების გამოყენებას უკავშირდება.

მერძევეობისა და შესაბამისი სამზარეულო სიახლეების მიგნება-განვითარება მესაქონლეობაში პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს ამკვიდრებდა, რაც ტრადიციულ სამზარეულოში კერძის ნაირგვარობას უწყობდა ხელს. შესაბამისად, აჭარაში სახეზე გვაქვს ბორანოს ძირითადი და მისი რამდენიმე სახეცვლილი ვარიანტი.

ტრადიციული ფორმით, ბორანო არის იაღში ჩალბობილი ყველი.

ბორანო მაღალი კალორიულობით ხასიათდება და ზუსტად შეესაბამება აჭარელი კაცის ტრადიციული ცხოვრების წესს, რომელიც მუდმივ შრომასა და დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, განსაკუთრებით, ისეთი საქმიანობის დროს, როგორიცაა: ჭალობა (ჭალის ცელვა), ყანობა (ყანის აღება), თივისა და შეშის მომარაგება, ნადირობა და ა.შ.

ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოში ბორანო არ იყო სეზონური საკვები. სურვილისა თუ საჭიროებისამებრ იგი ყოველთვის გამოიყენებოდა, მას მეორენაირად აჭარული სუფრის „სასწრაფო დახმარებასაც“ ეძახიან, რადგანაც მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს და აჭარელ დიასახლისს საშუალებას აძლევს, სტუმარსა თუ ოჯახის წევრს დროის მცირე მონაკვეთში გაუმასპინძლდეს.

თანამედროვეობაში ბორანო, ძირითადად, აჭარის მოსახლეობისათვის, აჭარული სამზარეულოსთვისაა დამახასიათებელი. შესაბამისად, აჭარელი კაცი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს იგი, ინარჩუნებს და ინახავს ბორანოს, როგორც ტრადიციულ და სტუმრისათვის საპატივცემულო კერძს.

ბორანო აჭარაში სხვადასხვა სახელწოდებით არის ცნობილი, ესენია: ბორა, ბორაი, ბორაო, ბორანი, ბორანო, მოხრაკული. მათგან ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბორანი/ბორანო. თედო სახოკიასთან მას ბორა ეწოდება. ეს ტერმინი ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში დღესაც შემონახულია.

ბორანო, როგორც ტრადიციული აჭარული კერძი, ქართული სამზარეულოს მუდმივი თანამდევი იქნება. იგი, როგორც აჭარასთან ასოცირებული კერძი, თანდათანობით მკვიდრ ადგილს იჭერს საქალაქო ცხოვრებაში, კერძოდ, ბათუმისა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების სარესტორნო მომსახურების სფეროში. ბორანო საქართველოს სხვა ქალაქების, მაგალითად, თბილისის ტრადიციული კერძების მენიუშიც იმკვიდრებს თავს.

მომზადების წესი:

დაწნული, გამხმარი ყველი, რომელსაც ერბო-კარაქში ხარშავენ.

მომზადებისას გამოიყენება იაღი, აჭარული მარილიანი კარაქი, იაღის არქონის შემთხვევაში კი ჩვეულებრივი. თუმცა, რასაკვირველია, უმჯობესია ყველა შემადგენელი ადგილობრივი წარმოებისა იყოს.

ყველი საჭიროა დაწნული აჭარული, სასურველია დაძველებულიც. სიძველე ამ ყველს გემოს უცვლის და კერძს უფრო მადის აღმძვრელს ხდის.

ყველი უნდა დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, მოვათავსოთ ღრმა ჯამში და დავალბოთ. თუ ძალიან მლაშეა, რამდენჯერმე გამოვუცვალოთ წყალი, ბოლოს გადავწუროთ. იაღი გავადნოთ სანამ არ ამოფუვდება და ყავისფრად არ მოიბრაწება, ასე მდუღარე დავასხათ დამბალ ყველს და ამოვურიოთ.

აჭარული სამზარეულოს სიამაყე - ბორანო



visualanthropology.iliauni.edu.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა