ნათია თურნავა: ვალდებულები ვართ, მაკრო-ეკონომიკირი სტაბილურობა შენარჩუნდეს
"ეროვნული ვალუტა ის საკითხია, რომელიც ბიზნესსაც აწუხებს და ნებისმიერ ჩვენგანსაც. ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულის ჯიბეს ეხება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ისაუბრა.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ყველაფერი კეთდება სახმელეთო საზღვრების გახსნისა და ტურიზმის აღდგენისთვის.
„აქ არის ორგვარი მიდგომა: ერთი ეს არის მოკლევადიანი ღონისძიებები, რაშიც ეროვნული ბანკია ჩართული და ასევე ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა სახით, მასტაბილიზირებელი ინტერვენციების გზით. მეორე, ეს არის უფრო საშუალოვადიანი გეგმა, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროა ჩართული. ეს არის მეტი ინვესტიციის მოზიდვა ქვეყანაში, ეს არის უცხოური ვალუტის შემოდინების და არა გადინების წყარო. ეს არის მეტი ადგილობრივი წარმოების განვითარება, მათ შორის ენერგეტიკაში რომ იმპორტი შემცირდეს და ადგილობრივი წარმოება იყოს ჩვენს ბაზარზე წარმოდგენილი და შესაბამისად, ვალუტა არ გაედინებოდეს ქვეყნიდან, იქ სადაც ჩვენ შეგვიძლია იმპორტი ჩავანაცვლოთ. ეს არის ტურიზმის დროული აღდგენა და აქ ვამბობთ ჩვენ, რომ, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მალე სახმელეთო საზღვრებით უსაფრთხოდ შევძლოთ და გავხსნათ, ტურისტები შემოიტანენ უცხოურ ვალუტას, რაც მნიშვნელოვანია ფულად ბაზარზე ლარი დასასტაბილურებლად. ჩვენ ვალდებულები ვართ, სწრაფად განვახორციელოთ ყველა აუცილებელი ზომა იმისთვის, რომ მაკრო-ეკონომიკირი სტაბილურობა შენარჩუნდეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნეგატიურ მოლოდინებს - პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციის კვალობაზე, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ნეგატიური წნეხი, იგივე ეროვნულ ვალუტაზე მოიხსნება”, - აღნიშნავს ნათია თურნავა.