თეგებით ძიება
05. 01. 2025 მსოფლიო

ილონ მასკი მეფე ჩარლზს პარლამენტის დათხოვნისა და არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს

ამერიკელი მილიარდერი, დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წევრი ილონ მასკი გაერთიანებული სამეფოს მეფეს, ჩარლზს პარლამენტის დათხოვნისა და არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში განცხადებების სერია გამოაქვეყნა და მწვავედ გააკრიტიკა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ასევე უსაფრთხოების საკითხებში მინისტრი ჯეს ფილიპსი მოძალადეთა ბანდების საქმეზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირების გამო.

გაერთიანებულ სამეფოში მწვავე დებატები მოჰყვა მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, უსაფრთხოების მინისტრმა, ჯეს ფილიპსმა უარი უთხრა ქალაქ ოლდჰემის საბჭოს ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე სახელმწიფო გამოძიების ჩატარებაზე და, სანაცვლოდ, საქმის წარმოება ადგილობრივ საბჭოს დაავალა. ეს გადაწყვეტილება ფილიპსმა ოქტომბერში მიიღო, თუმცა ადგილობრივი მედიით ამის შესახებ მიმდინარე კვირას გახდა ცნობილი. ბრიტანეთში პოლიტიკოსთა და საზოგადოების ნაწილი ძალადობის საქმეების ეროვნულ გამოძიებას ითხოვს.

ანგარიშის თანახმად, ორგანიზებული ბანდების მიერ ქალებისა და ბავშვების სისტემური სექსუალური ძალადობის შესახებ მრავალი გამოძიება მიმდინარეობდა როტერდამში, კორნუოლში, დერბიშირში, როჩდეილსა და ბრისტოლში. დანაშაულის ჩამდენი პირები, ძირითადად, პაკისტანური წარმოშობის მამაკაცები იყვნენ.

როტერდამში გამოძიებამ დაადგინა, რომ 16-წლიან პერიოდში, ძირითადად,  პაკისტანელი ბრიტანელი მამაკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 1 400 ბავშვი გახდა. ტელფორდში ჩატარებულმა გამოძიებამ კი აჩვენა, რომ 40 წლის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი ათასამდე გოგონა იყო.

ოლდჰემში გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში გავრცელდა ცნობები, რომ ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია ხდებოდა მუნიციპალურ სახლებში, ბარებში და ტაქსის მძღოლების მიერ. გამოძიების ანგარიშში საუბარი იყო პოლიციისა და საბჭოს მხრიდან სერიოზული შეცდომების შესახებ.

ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების დამოუკიდებელ გამოძიებას პროფესორი ალექსის ჯეი ხელმძღვანელობდა. გამოძიებამ საბოლოო ანგარიში 2022 წელს გამოაქვეყნა. ნოემბერში ჯეიმ განაცხადა, რომ ის იმედგაცრუებულია, რადგან ძალადობის აღმოსაფხვრელად მისი 20 რეკომენდაციიდან არცერთი შესრულებულა ორი წლის განმავლობაში.

ბანდების მიერ ბავშვების და ქალების გაუპატიურებასთან დაკავშირებულ სკანდალის გამო ილონ მასკმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მწვავედ გააკრიტიკა. მასკმა დაწერა, რომ კირ სტარმერი სამეფო პროკურატურას ხელმძღვანელობდა 2008-2013 წლებში, როდესაც „მოძალადეების ბანდებს შეეძლოთ გოგონების ექსპლუატაცია გასამართლების გარეშე”.

მან ასევე დაწერა, რომ უსაფრთხოების მინისტრი ჯეს ფილიპსი ციხეში ყოფნას იმსახურებს.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა, უეს სთრითინგმა განაცხადა, რომ ილონ მასკი დეზინფორმირებულია და მისი შეფასებები არასწორია. ამასთან, მან მოუწოდა ამერიკელ მილიარდერს, ითანამშრომლოს მთავრობასთან ინტერნეტში ბავშვების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.

„ასე რომ, თუ მას სურს ჩვენთან ერთად მუშაობა, ჩვენ ამას მივესალმებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა