გოგა ხაინდრავა: ქართული მხარის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა
"ქართული მხარის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა, რადგან ეს რომ ასე ყოფილიყო, რუსეთი ამ ფაქტების წარდგენას სტრასბურგის სასამართლოში არ დააყოვნებდა, თუმცა ეს არ მომხდარა", - ამის შესახებ კინორეჟისომა გოგა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც სერგი კაპანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„უპრეცენდენტო განცხადებებია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის მხრიდან, რომელმაც გამოაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ევროკავშირთან დახმარება გაწყვიტოს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ მოვლენებთან, რასაც ადგილი აქვს უკრაინაში. ამ მოვლენების ერთმანეთისგან განცალკევება, რაც ხდება საქართველოში, აბსოლუტურად დაუშვებელია და აქ ისმება პირველი კითხვა, ყველაზე მნიშვნელოვანი: რატომ გააკეთა სერგი კაპანაძემ განცხადება იმის შესახებ, რომ ცხინვალში ქართული მხარის მიერ იყო გამოყენებული კასეტური ბომბები? რა შუაშია საერთოდ? სად გაახსენდა სერგი კაპანაძეს ეს თემა, რომელიც 13 წლის წინ მოხდა და რომელიც რამდენიმე თვის წინ სტრასბურგში დაიხურა. განაჩენი იყო გამოტანილი რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელიც მან საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელა? რატომ იმ გართულების ფონზე, რომელიც უკრაინაში ხდება? რამ განაპირობა? - პასუხი მარტივია. რუსეთი ყველანაირად ცდილობს ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაცია განახორციელოს. პირველ რიგში - სტრასბურგის სასამართლოში“, - განაცხადა ხაინდრავამ.
მისი თქმით, სერგი კაპანაძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ „ნაფთალინიდან ამოღებულმა აკო მინაშვილმა“ აღნიშნული განცხადება დაადასტურა. კერძოდ, ხაინდრავამ აღნიშნა, რომ მაშინდელი ხელისუფლების ყოფილმა მეორე წარმომადგენელმა დაადასტურა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის განცხადება, რომ „დიახ, ქართულმა მხარემ კასეტური ბომბები გამოიყენა“.
„ეს პირდაპირ დასაყრდენს აძლევს რუსულ მხარეს და უკვე გაცხადდა, რომ ამას ქართული მხარეც ადასტურებს - სტრასბურგის განაჩენი არ წარმოადგენს სიმართლეს და სიმართლე არის ის, რომ ქართულმა მხარემ ასე ვთქვათ, „მძინარე ცხინვალი“ დაბომბაო, როგორც ამის შესახებ განცხადებებს შალვა ნათელაშვილი აკეთებდა და ამიტომ, საერთაშორისო სამართლის მიერ უნდა დაისაჯოს.
წრე იკვრება და აბსოლუტურად ნათელია, რასთან გვაქვს საქმე. არის შალიკოს ფანჩატური, სადაც მთელი ბოლო თვის განმავლობაში გვესმის თავდასხმები ევროპის ინსტიტუტებზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზე, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზე შალვა ნათელაშვილის მხრიდან. ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულ მოქმედებას სახელმწიფო ინსტიტუტების დასანგრევად“, - განაცხადა ხაინდრავამ.
მისი თქმით, სერგი კაპანაძის მიერ გაკეთებული განცხადება კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ სიცრუეა, რადგან ეს რომ ასე ყოფილიყო, რუსეთი ამ ფაქტების წარდგენას სტრასბურგის სასამართლოში არ დააყოვნებდა, თუმცა ეს არ მოხდა.
„წინ არის ჰააგის სასამართლო, რომელმაც რუსული სამხედრო ძალების სისხლის სამართლის დანაშაული უნდა დაადასტუროს, რომელმაც ქართულ მხარეს გენოციდი მოუწყო. ამ სასამართლოს წინ კი მსგავსი განცხადებები საქართველოს ყოფილი ოფიციოზის მხრიდან, არის ძალიან სერიოზული საბუთი, რომელსაც რუსული მხარე დაეყრდნობა“, - დასძინა ხაინდრავამ.
ამასთან, მისივე თქმით, დასავლური გზის დისკრედიტაცია ხდება და ეს მაშინ, როდესაც საქართველო განაცხადა - 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანას აპირებს.
„იმ დღიდან მოყოლებული არცერთი დღე საქართველოში მშვიდი არ ყოფილა. ყოველ დღე დესტრუქციაა, რომელსაც 100 კაცისგან შემდგარი ზონდერ-ჯგუფი აწარმოებს“, - დასძინა ხაინდრავამ
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.