თუ ვინმე ოდიოზური ფეოდალი იყო „ნაცმოძრაობის“ დროს, „ქართულ ოცნებაში“ ზის - ირაკლი კუპრაძე
გადახედონ დეპუტატებს, რომელიც უზით პარლამენტში, თანამდებობის პირებიდან დაწყებული, დეპუტაციით დამთავრებული, თუ ვინმე იყო ოდიოზური ფეოდალი „ნაცმოძრაობის“ დროს , ისევ „ქართულ ოცნებაში“ ზის. გამოიძიონ საკუთარი თავი , - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, დასკვნა გადაეცემა პროკურატურას დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით“.
„ვინც არ უნდა იყოს „ქართული ოცნების“ მორიგი სამიზნე, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილია მრავალი დანაშაული, ამ დანაშაულების გამოუძიებლობაზე პასუხისმგებლობა აქვს „ქართულ ოცნებას“. 12 წელი გავიდა და გამოუძიებელია საერთოდ ყველაფერი. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს, ყველა მეთოდი ბიზნესზე ზეწოლის, ადამიანის უფლებების დარღვევის, გადააკოპირა „ქართულმა ოცნებამ“. 2012 წლამდე პერიოდთან შედარება რომ გავაკეთოთ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის, ადამიანის უფლებების დაცვის, გაუარესებაა ამ მხრივ.
„ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, შეეძლო გამოძიება, მაგრამ არ გამოიძია, ამის ნება არ არსებობდა. ჩვენ გვახსოვს მურუსიძის და ბიძინა ივანიშვილის ლეგენდარული შეხვედრა შუშის სასახლეში, დაბარებულ ლევან მურუსიძეს ხელი მოუტყაპუნა ზურგში ბიძინა ივანიშვილმა და თქვა, რომ ეს კაცი იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი. სინამდვილეში ახალი გარიგება დადო ლევან მურუსიძემ და აქამდე თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსახურებოდა, ახლა ემსახურება ბიძინა ივანიშვილს. ახლაც ცუდი საქმეებს ჩადიან ეს ადამიანები. ე.წ. ხარება თუ თავის დროზე ორ გვამს ითხოვდა ვანო მერაბიშვილთან ერთად, დღეს ადამიანებს ასახიჩრებს ქუჩაში ბიძინა ივანიშვილის დავალებით“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.