თეგებით ძიება
09. 04. 2021 მსოფლიო

ანდრეი რუდენკო: პუტინს სურს, უკრაინამ კაპიტულაცია გამოაცხადოს

კრემლი ცდილობს აიძულოს უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის, რომ რუსეთთან „ახალ ზავს“ ხელი მოაწეროს. ამის შესახებ Deutche Welle-ს უკრაინელმა ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ანდრე რუდენკომ განუცხადა.

რუდენკოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის ეს ესმის. თუ ადრე ის ამბობდა, რომ პუტინთან შეთანხმებას მიაღწევს, ახლა აცხადებს, რომ ერთადერთი გზა, რაც დონბასში საომარი მოქმედებებს შეაჩერებს, არის უკრაინის ნატოში გაწევრიანება, რის შესახებაც ზელენსკიმ ალიანსს ოფიციალურად მიმართა.

„რუსეთთან შეთანხმება მხოლოდ მოსკოვის პირობებით შეიძლება. უკრაინისთვის კი ეს პრაქტიკულად კაპიტულაციას ნიშნავს. თუმცა მოსკოვში არ ესმით, რომ 2014 წლის უკრაინა და 2021 წლის უკრაინა ორი სხვადასხვა ქვეყანაა. უკრაინის ჯარი სერიოზულად გაძლიერდა. შესაძლოა, ის რუსეთის ჯარის მსგავსად აღჭურვილი და მრავალრიცხოვანი არ არის, მაგრამ მარტივი გასეირნება ფართომასშტაბიანი ომის განახლების შემთხვევაში მოსკოვს არ ექნება.

შვიდი წლის განმავლობაში გაჩნდა უკრაინელი ოფიცრების მთელი თაობა, რომლებმაც მშვენივრად იციან ჯარის მართვა, კარგად იციან რა, სად და როდის უნდა გააკეთონ. თანაც საზოგადოების მხრიდან ჯარის მხარდაჭერა დღეს უკიდურესად მაღალ დონეზეა. წარსულს ჩაბარდა ასევე უკრაინის ზოგიერთი რეგიონის მოწოდებები „მოდი პუტინ!“, დღეს რუსულ ჯარს უბრძოლველად ქალაქებს არავინ ჩააბარებს. უკრაინამ ამ ომში 2014 წლიდან 13 ათასი ადამიანი დაკარგა, ასე რომ დღეს ილუზია არავის აქვს“ - განაცხადა რუდენკომ.

მისი თქმით, რუსეთის მაღალჩინოსნების განცხადებები, რომ მოსკოვი კონფლიქტში სრებრენიცას მსგავსი სიტუაციის გამეორების შემთხვევაშ ჩაერევა, დამაფიქრებელია. „უკრაინა დონბასის მოსახლეობას საკუთარ მოქალაქეებად აღიქვამს და სრებრენისაც მოწყობას იქ არავინ აპირებს. თუმცა არის სხვა საფრთხე. რუსეთმა შეიძლება ეს პროვოკაცია თავად მოაწყოს, რომ შემდეგ ამ საბაბით ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრას“ - განაცხადა რუდენკომ.

ექსპერტის თქმით, უკრაინის საზღვრის მახლობლად იარაღის ჟღარუნით პუტინს სურს აჩვენოს უკრაინას და მთელ მსოფლიოს, რომ უკრაინის მომავალს სწორედ ის წყვეტს. მას სურს, რომ დონბასს განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდეს და ამის მეშვეობით ჩაერიოს უკრაინის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. ვლადიმერ ზელენსკი ამ ყველაფერს ხვდება და მისი ბოლოდროინდელი ქმედებები სწორედ ამით არის გამოწვეული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა