თეა ახვლედიანი - რუსული ოკუპაცია და მისი თანმდევი ადამიანური ტრაგედიები უკვე მრავალი წელია თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და უდიდესი ტკივილია
რუსული ოკუპაცია და მისი თანმდევი ადამიანური ტრაგედიები უკვე მრავალი წელია თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და უდიდესი ტკივილია, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აცხადებს.
„რუსული ოკუპაცია და მისი თანმდევი ადამიანური ტრაგედიები, გაყოფილი ოჯახები, ხელოვნურად დაშორებული საზოგადოებები უკვე მრავალი წელია თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და უდიდესი ტკივილია. ოკუპაციის მძიმე შედეგებმა წლების განმავლობაში არაერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა და დღემდე უუფლებოდ, შიშის და წნეხის ქვეშ ამყოფებს ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზს მიღმა. 7 აპრილს საქართველოს 4 მოქალაქის ტრაგიკული დაღუპვა მიმდინარე ოკუპაციის შემზარავი გამოვლინებაა. როგორც ცნობილია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 აპრილი მათი ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღედ გამოცხადდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები ადამიანების გვერდით, რათა გაორმაგებული, გაერთიანებული ძალისხმევით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების უსაფრთხო და ღირსეული პირობები", - აცხადებს ახვლედიანი.