თეგებით ძიება
12. 04. 2021 მსოფლიო

ირანი ისრაელს შურისძიებით ემუქრება

ირანის ქალაქ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე 11 აპრილს მომხდარი ინციდენტის გამო თეირანი ისრაელს შურისძიებით ემუქრება. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

ამასთანავე ზარიფმა განაცხადა, რომ ირანი საერთაშორისო თანამეგობრობასთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას არ შეაჩერებს და იმედი აქვს, რომ ეს თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებით დასრულდება. ზარიფი ვარაუდობს, რომ ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას სწორედ ისრაელი ეწინააღმდეგება.

„სიონისტები ფიქრობენ, რომ თავის მიზანს მიაღწევენ. მაგრამ ჩვენი პასუხი ბირთვულ სფეროში უფრო მეტი მიღწევა იქნება“ - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ირანის ოფიციალური წრეების ინფორმაციით, ქალაქ ნათანზში, ბირთვულ ობიექტზე 11 აპრილს ინციდენტი მოხდა. თეირანმა ინციდენტს ტერორისტული აქტი უწოდა.

კერძოდ, ურანის გამამდიდრებელ დანადგარს დენის მიწოდება შეუწყდა. თეირანის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარემოს დაბინძურების საფრთხე არ არსებობს და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნათანზში სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი მდებარეობს. იქ ურანის გამდიდრება ხდება, რაც ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა