ამომრჩევლის სურვილები და საქართველოს ინტერესები „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერზე მაღლა დააყენა - მარინა კალიურანდი
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინტერესები და ამომრჩევლის სურვილები ყველაფერზე მაღლა დააყენა, – აღნიშნავს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი მმართველი პარტიის მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერის შეფასებისას.
„ტელეიმედთან“ საუბრისას ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერით „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ საქართველოს ინტერესები, მოქალაქეების ინტერესები, ამომრჩევლის სურვილები დააყენა ყველაფერზე მაღლა.
ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ ეროვნული ინტერესები დააყენა პარტიულ ინტერესებზე მაღლა. ეს არის ძალიან მისასალმებელი და ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი“, – აცხადებს კალიურანდი.
ამასთან, ევროპარლამენტარის განცხადებით, მოლაპარაკებებში ჩართულმა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა მიბაძონ მმართველ პარტიას და ხელი მოაწერონ დოკუმენტს.
„ახლა მთელი ჩვენი ყურადღება კონცენტრირებულია ოპოზიციაზე. ახლა ოპოზიციური პარტიების დროა. მოლაპარაკებებში ჩართულმა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და მოაწერონ ხელი დოკუმენტს. ოპოზიციამ უნდა მიბაძოს მმართველ პარტიას და უკვე მათი მხრიდან ხელმოწერით უნდა დასრულდეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისი. მართლაც ძალიან სამწუხაროა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი არ აწერენ ხელს დოკუმენტს“, – აცხადებს კალიურანდი „ტელეიმედთან“.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.