დაახლოებით 80 ადამიანი მოკვდა იმიტომ, რომ სააკაშვილმა ისინი მიატოვა - არ გააფრთხილეს, პირიქით, ეუბნებოდნენ, დარჩით, თქვენ არაფერი გემუქრებათო - სუბარი 2008 წლის ომზე
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში" „ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს გადადგმულ ნაბიჯებზე ვრცლად ისაუბრა. მან აგვისტოს ომის დროს იმჟამინდელი ხელისუფლების რამდენიმე ქმედებაზე გაამახვილა ყურადღება.
„როცა ვლაპარაკობთ სამშობლოს ღალატზე, რას ვგულისხმობთ: ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, როგორც საბჭოთა წარმონაქმნი. ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილმა დე ფაქტო აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები. ახალგორის რაიონი, რომელიც შედიოდა მცხეთა-მთიანეთის სამხრეო ადმინისტრაციაში, გამოყო მცხეთა-მთიანეთიდან და მიუერთა მის მიერვე დე ფაქტო აღდგენილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას. ჩაატარა იქ აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნები, შექმნა სანაკოევის ადმინისტრაცია, რომლის ფუნქცია დღემდე არის გაურკვეველი და ამით ფაქტობრივად, მოუხაზა რუსეთს ის საზღვრები, რომლებშიც ოკუპაციის შემთხვევაში მათ თავისი ძალაუფლება უნდა დაემყარებინათ.
მეორე - ზუსტად ასევე, მან კოდორის ხეობას, როგორც სვანები უწოდებენ - დალის ხეობას, უწოდა ზემო აფხაზეთი და ამის შემდეგ მან დაარღვია მოსკოვის შეთანხმება, რომლითაც საქართველოს ჰქონდა აღებული ვალდებულება, კოდორის ხეობაში საქართველოს არ ჰქონდა უფლება, შეეყვანა გარკვეულ რაოდენობაზე მეტი ჯარი და შეეტანა გარკვეული სახის იარაღი, განსაკუთრებით მსხვილკალიბრიანი ნაღმსატყორცნები, ტანკები და ასე შემდეგ. ორივე პუნქტი დაირღვა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ - შეიყვანა ჯარი, 3000 ჯარისკაცი იყო იქ და შეიტანა ის იარაღი, რომლის შეტანის უფლებაც ამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებით არ გვქონდა. ამით ფაქტობრივად, ხელ-ფეხი გაუხსნა ოკუპაციას.
მესამე - სააკაშვილმა ჯერ დაშალა და შემდეგ განაიარაღა კოდორის ხეობაში არსებული კოდორელი გმირი დამცველების მიერ შექმნილი ბატალიონი „მონადირე", რომელიც იყო თავდაცვის სამინისტროს ნაწილი და რომელმაც თავისი სისხლით, ბრძოლით, ვაჟკაცობით, შემართებით, თავდადებით დაიცვა კოდორის ხეობა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. მან არა მარტო დაშალა, არამედ ძალიან ბევრი გმირი მებრძოლი აბსოლუტურად უკანონოდ და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაიჭირა და გაამწესა ციხეში. ბევრი მათგანი ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდა. ამითაც შექმნა საფუძველი, რომ კოდორის ხეობა შეიძლებოდა, ოკუპირებული ყოფილიყო რუსეთის მიერ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დროს მიხეილ სააკაშვილმა არ მიმართა გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ხოლო მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არ გააფრთხილა.
„როდესაც დაიწყო საომარი მოქმედებები აგვისტოში, მან არ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა, არ მიმარტა გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ დაეგმოთ რუსეთის ქმედებები.
მეტიც - საერთოდ არ გააფრთხილა მოსახლეობა არც კოდორის ხეობაში, არც ცხინვალის რეგიონში, არც ახალგორში, რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ. როდესაც კოდორიდან ჯარი გამოდიოდა და იგივე ხდებოდა დიდი ლიახვის ხეობაშიც, ადამიანებს ეუბნებოდნენ, აქ დარჩით, აქ არაფერი გემუქრებათო. მეც ვრეკავდი და სხვა არაერთი, რომ არ გაგვეფრთხილებინა მოსახლეობა, მსხვერპლი იქნებოდა გაცილებით მეტი. მაგრამ მიუხედავად ჩვენი დარეკვისა, დაახლოებით 80 ადამიანი მოკვდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილმა ისინი მიატოვა - არ გააფრთხილეს, არც საწვავი მისცეს, არც მანქანები და პირიქით, ეუბნებოდნენ, რომ დარჩით, თქვენ არაფერი გემუქრებათო. ესეც არის დანაშაული ჩადენილი საკუთარი ხალხის წინაშე, დანაშაული, რომელიც თავისუფლად შეიძლება, გავიდეს იმ მიხლებში, რომლებსაც ერთიანდება ერთი მუხლი, რასაც ჰქვია სახელმწიფოს ღალატი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.