რამდენი მილიონით გაიზარდა გიორგი ვაშაძის ქონება ბოლო 2 თვეში?
პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კრიტპოვალუტაში ინვესტიცია წარმატებით განახორციელა - ამის შესახებ პოლიტიკოსის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა. 2021 წლის 11 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ვაშაძე 57 ბიტკოინს და 315 ეთერიუმს ფლობდა, რომელთა საერთო ღირებულება დეკლარაციის შევსების დროისთვის $3 მილიონი დოლარი ანუ 10.17 მილიონი ლარი (11 თებერვლის კურსით) იყო. იმ შემთხვევაში, თუკი ვაშაძე ამჟამადაც ფლობს აღნიშნულ კრიპოვალუტებს, მაშინ მის საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტების ღირებულება $4.26 მილიონ დოლარს, ანუ 14.6 მილიონ ლარს შეადგენს - ამის მიზეზი კი კრიპტოვალუტების გაზრდილი ფასია.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ვაშაძემ ბიტკოინში $18,000 დოლარის ინვესტიცია 2013 წელს განახორციელა და 57 ბიტკოინი შეიძინა. კრიპტოვალუტა ეთერიუმის შეძენის თარიღად გიორგი ვაშაძეს 2016 წელი აქვს მითითებული, დოკუმენტის თანახმად, მან $5,000 დოლარით 315 ეთერიუმი შეიძინა.
უფრო დეტალურად, კრიპტოვალუტების მიხედვით გიორგი ვაშაძის ქონება ასე ნაწილდება:
ბიტკოინი - დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ვაშაძე 57 ბიტკოინს ფლობდა, ერთი ბიტკოინი $44,500 ღირდა, შესაბამისად მისი ჯამური ღირებულება $2,536,500 დოლარს, ანუ 8,395,815 ლარს შეადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ერთი ბიტკოინის ღირებულება $61,399 დოლარია, თუკი ვაშაძე კვლავ ფლობს 57 ბიტკოინს, მაშინ ამ კრიპტოვალუტის ჯამური ფასი $3,499,743 დოლარი, ანუ 12,004,118 ლარია.
ეთერიუმი - დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ვაშაძე 315 ეთერიუმს ფლობდა, ერთი ეთერიუმი $1,710 ღირდა, შესაბამისად, მისი ჯამური ღირებულება $538,650 დოლარს, ანუ 1,782,931 ლარს შეადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ერთი ეთერიუმის ღირებულება $2,409 დოლარია, თუკი გიორგი ვაშაძე კვლავ ფლობს 315 ეთერიუმს, მაშინ ამ კრიპტოვალუტის ჯამური ფასი $758,835 დოლარი, ანუ 2,602,804 ლარია.
bm.ge