ხათუნა სამნიძე - დოკუმენტი მისაღებია, "რესპუბლიკური პარტიის" სახელით მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ
დოკუმენტი მისაღებია, "რესპუბლიკური პარტიის" სახელით მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ - ამის შესახებ აშშ-სა და ევროკავშიის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტში გარკვევითაა განხილული ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი.
"ვერ ვთანხმდებით და პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, ამ მოლაპარაკებების პროცესში სასწორზე დევს ქვეყნის ბედი და მომავალი. დღევანდელი დოკუმენტი არის პროგრესული ვერსია, იმიტომ, რომ აქ არის ჩანაწერი კონკრეტულად, როგორ შეიძლება მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე და რაც მთავარია, საკითხი, რომელზეც კომპრომისი შეუძლებელია, პოლიტიკური პატიმრების საკითხი - ჩანაწერია მკაფიო, ლაპარაკია ორ საქმეზე და არის კონკრეტული გზები, როგორ უნდა გათავისუფლდეს უახლოეს დღეებში ორი პატიმარი... დოკუმენტი მისაღებია, რესპუბლიკური პარტიის სახელით მზად ვართ ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს", - აცხადებს ხათუნა სამნიძე.