თეგებით ძიება
19. 04. 2021 მსოფლიო

ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში გადაჰყავთ

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კოლონიიდან საოლქო საავადმყოფოს სტაციონარში გადაჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ალექსეი ნავალნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საოლქო საავადმყოფოში მას ვიტამინების თერაპიას ჩაუატარებენ.

18 აპრილს, ალექსეი ნავალნის ექიმმა, იაროსლავ აშიმხინმა განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს. მისი განცხადებით, ნავალნის სისხლის ანალიზის შედეგების თანახმად, კალიუმის დონე იმდენად მაღალია, რომ, შეიძლება, გულის გაჩერება გამოიწვიოს. ის ასევე ამბობს, რომ გაზრდილია კრეატინინის დონეც, რაც თირკმელების ფუნქციონირების დაქვეითებაზე მიანიშნებს.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პატიმრობაში მყოფ ალექსეი ნავალნისთან ექიმები უნდა დაუშვას.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, ამას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა