გიგა ბოკერია: პატივს ვცემ მათ პოზიციას, მაგრამ მცდარად მიმაჩნია
"ზუსტად ისევე, როგორც წინა არასრულფასოვან დოკუმენტზე მყარი პოზიცია გვქონდა, ასევე უნდა გაგვეგრძელებინა და უნდა ვცადოთ კიდევ გაგრძელება, იმისთვის რომ მივიღოთ იმ ტიპის პოლიტიკური დოკუმენტი და ვითარება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს", - ამის შესახებ გიგა ბოკერიამ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა „ლელოს“ გადაწყვეტილებაც შეაფასა, რომლებიც შარლ მიშელის ახალ წინადადებას დათანხმდნენ.
„ძალიან სასურველი იქნებოდა, ჩვენს პარტნიორებსაც „ევროპული საქართველოს“ მსგავსად თანმიმდევრულობა და სიმყარე გამოეჩინათ. მე პატივს ვცემ მათ პოზიციას, მაგრამ მცდარად მიმაჩნია პოზიციის შეცვლა. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ერთობლივი პოზიცია გვქონდა, როცა ვთქვით, რომ, მაგალითად, ერთმანეთთან საერთოდ დაუკავშირებელი არჩევნების შედეგის მიბმა ვადამდელ არჩევნებთან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო“, - განაცხადა ბოკერიამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. დოკუმენტს ხელი „გირჩის“ წევრებმა უკვე მოაწერეს. „ლელოში“ განაცხადეს, რომ ევროპელი მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერენ.