თეგებით ძიება
30. 04. 2021 მსოფლიო

დაუზიანდათ თუ არა დნმ იმ მშობლების შვილებს, რომელთაც ჩერნობილში, რადიაციული დასხივება მიიღეს. ახალი კვლევის შედეგები

ჩერნობილში, იმ მშობლების შვილებს, რომელთაც 1986 წლის 26 აპრილს მომხდარი კატასტროფისას რადიაციული დასხივება მიიღეს, დნმ არ დაზიანებიათ, - ამის შესახებ BBC წერს.

კვლევის ფარგლებში, 1987-დან 2002 წლამდე დაბადებული ის ადამიანები შეისწავლეს, რომლებიც კატასტროფის შედეგად დაზარალებულ მშობლებს გაუჩნდათ.

ამ წლებში დაბადებული ადამიანების გენომის - ორგანიზმის უჯრედში შენახული მემკვიდრული მასალის ერთობლიობის შესწავლით დადგინდა, რომ „იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ადამიანებმა რადიაციის დიდი დოზით ზემოქმედება განიცადეს, შთამომავლებზე ამას გავლენა არ მოუხდენია“.

კვლევის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმ მუშების შთამომავლებზე, რომლებიც კატასტროფის შემდეგ, ტერიტორიის დასუფთავებისა და დანგრეული რეაქტორის დამარხვაზე მუშაობდნენ. აღმოჩნდა, რომ მათ შემთხვევაშიც არ დგინდება დნმ-ის დაზიანება და მისით გამოწვეული სიმსივნური წარმონაქმნები.

1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე ავარია მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად, რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე - ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა მაშინდელი სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა