დავით ჩიხელიძე: საქართველოში სააკაშვილის რეიტინგი მყარ 0%-ს შეადგენს
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ ილუზიებით ცხოვრობს და რეალობის დაჯერება არ სურს. როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, საქართველოში გიჟური მხარდაჭერით სარგებლობს. ფაქტია სააკაშვილმა სიტყვა მხარდაჭერის მნიშვნელობა არ იცის, რადგან 2012 წლის შემდეგ, მისი როგორც პოლიტიკოსის რეიტინგი კლებად რეჟიმში გადავიდა და ყოველი არჩევნები ამას ადასტურებს,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, სააკაშვილი ამბობს, რომ მას საქართველოში გიჟური მხარდაჭერა აქვს.
მისი თქმით, სააკაშვილის რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან შედარება უხერხულია:
„დღეს საქართველოში პოლიტიკოსი სააკაშვილის რეიტინგი 0% განისაზღვრება. 2012 წლის შემდეგ საქართველოში ათზე მეტი არჩევნები ჩატარდა (საპარლამენტო, საპრეზიდენტო, თვითმმართველობის და რამდენიმე შუალედური არჩევნები). ყველა არჩევნებმა აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი კლების ტენდენციას ინარჩუნებს, პარტიის რეიტინგი კი პირდაპირ კავშირშია სააკაშვილის რეიტინგთან. ასევე, უხერხულია სააკაშვილის შედარება სერგეი ნავალნისთან, რომელიც რუსეთში საკუთარი სურვილით ჩავიდა, სააკაშვილი კი საქართველოდან წავიდა საკუთარი სურვილით და „ბონუსად“ საქართველოს მოქალაქეობა დათმო.
რაც შეეხება სააკაშვილის პოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ჩემთვის როგორც 2020 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელისთვის, პრინციპულად მიუღებელია არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვები, რადგან არჩევნების დროს ვხელმძღვანელობდი რა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, შემიძლია განვაცხადო, რომ არჩევნების თავისუფალ დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, რასაც არაერთი ორგანიზაციის ანგარიში ადასტურებს,“ - აღნიშნავს ჩიხელიძე.