გარეჯის საკითხი ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას, მეგობრობას შეეფერება - ირაკლი ღარიბაშვილი
განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას, მეგობრობას შეეფერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.
„მინდა, პირველ რიგში, ვთქვა, რომ მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან. ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია და ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ კიდევ მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად. ასევე განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებიც, შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მათ შორის, განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას, მეგობრობას შეეფერება. ძალიან მალე კომისიები გააგრძელებენ მუშაობას და უფრო კონკრეტულად მოგვიანებით გახდება ცნობილი.