რატომ ღალატობენ ადამიანები? – 5 მთავარი ფსიქოლოგიური მიზეზი
სამწუხაროდ, ურთიერთობებში საკმაოდ ხშირია ღალატი. მიუხედავად იმისა, ამის მიზეზი განსხვავებულია, საბოლოო შედეგი ერთია - ურთიერთობა ინგრევა და ორივე მხარე ზარალდება. ღალატი შეიძლება მოხდეს საკმაოდ მარტივ დონეზე, ან გართულდეს. არსებობს მრავალი თეორია, თუ რა ფსიქოლოგიური მიზეზები იმალება ღალატს მიღმა. მართალია ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ მოღალატე უბრალოდ საშინელი ადამიანია, მაგრამ ფსიქოლოგების დასკვნით, ღალატს მიღმა ძალიან ბევრი კომპლექსური მიზეზი დგას.
მოღალატე ადამიანის გაგება ძალიან რთულია, განსაკუთრებით, თუ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც უღალატეს. სიმართლე ისაა, რომ ეს არის პირადი არჩევანი, რომელსაც მოღალატე პირადი ფსიქოლოგიური მიზეზების გამო აკეთებს. ფსიქოლოგების თქმით, ადამიანების უმეტესობა ერთზე მეტი მიზეზის გამო ღალატობს. ამ მიზეზებს კი, როგორც წესი, არაფერი აქვთ საერთო იმ პიროვნებასთან, რომელსაც უღალატეს.
გაეცანით 5 ძირითად ფსიქოლოგიურ მიზეზს, თუ რატომ ღალატობენ ადამიანები.
1. კომუნიკაციის ნაკლებობა
ურთიერთობაში კომუნიკაციის ნაკლებობა, იმაზე სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ღია და გულახდილი კომუნიკაციის გარეშე, ურთიერთობაში მყოფი ერთი ან ორივე ადამიანი შეიძლება თავს გრძნობდეს უგულებელყოფად და უმნიშვნელოდ. ასეთ მდგომარეობაში განმეორებით ყოფნამ კი, რაღაც დროის შემდეგ, შესაძლოა ღალატი გამოიწვიოს.
კომუნიკაციის ნაკლებობის მიზეზით ღალატი, არის გზა, რომელის საშუალებითაც მოღალატე გამოხატავს საკუთარ თავს. ის გრძნობს, რომ ამის გაკეთებას ვერ ახერხებს საკუთარ პარტნიორთან და ეძებს ალტერნატიულ გზებს. ზოგი ადამიანი ირჩევს ნარკოტიკებს ან ალკოჰოლს, სხვები კი ღალატს ამჯობინებენ. ასეა თუ ისე, ეს მდგომარეობა ურთიერთობისთვის დამანგრეველია.
2. სასჯელის ფორმა
რაც არ უნდა უცნაურად გამოიყურებოდეს, ზოგიერთი ადამიანისთვის ღალატი პარტნიორის დასჯის ფორმაა. ეს შეიძლება იყოს საპასუხო რეაქცია ტყუილზე ან სხვა მტკივნეულ ქმედებაზე. აშკარაა, რომ მოღალატე გაბრაზებულია პარტნიორზე და ღალატი ამის გამოხატვის გზაა.
ზოგჯერ, პარტნიორის ფარულად დასჯა უფრო კმაყოფილების მომტანია, ვიდრე ამის ღიად გაკეთება. საიდუმლო ღალატი არის ძალაუფლებისა და კონტროლის განცდა, რომლითაც მოღალატე საკუთარ ეგოს აძლიერებს.
3. დაუფასებლობა
არავინ არავის აიძულებს ღალატს. ეს ყველაფერი პირადი გადაწყვეტილებაა. ამასთან, გადაწყვეტილებებზე შეიძლება გავლენა იქონიოს იმან, თუ როგორ გრძნობს ადამიანი თავს ამ ურთიერთობაში. გაითვალისწინეთ, რომ წინადადებაში ნათქვამია, "გრძნობს". შეიძლება ადამიანს სულაც არ ექცეოდნენ ცუდად, მაგრამ თავს უბრალოდ დაუფასებლად გრძნობდეს კომუნიკაციის ნაკლებობის, ვნების ნაკლებობის, ან თუნდაც პირადი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო. თუ ასე დიდხანს გრძელდება ურთიერთობა, მაშინ ეს მდგომარეობა დიდი ალბათობით ღალატის მიზეზი გახდება, რადგან მოღალატეს უბრალოდ გაუჩნდება ძლიერი სურვილი, იგრძნოს თავი დაფასებულად. თუნდაც სხვა ადამიანთან.
4. დაშორების სურვილი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ მათ არ სურთ იყვნენ ამჟამინდელ ურთიერთობებში, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ როგორ უნდა გააგებინონ პარტნიორს. მათ არ სურთ ადამიანისთვის ტკივილის მიყენება და ცუდი იმიჯის ჩამოყალიბება. ამ შემთხვევაში მათ შეიძლება არც კი სცადონ ღალატის დამალვა, რადგან მათ სურთ გამოიჭირონ. შედეგად კი, ამ ურთიერთობიდან მარტივად გამოძვრნენ. მათთვის ღალატი მტკივნეული სიტყვების წარმოთქმაზე უფრო ადვილია.
5. გამქრალი ვნებები
ღალატის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი არის ის, რომ ურთიერთობიდან ვნება ქრება. ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ აინტერესებთ პარტნიორი. პირიქით, შეიძლება ძალიანაც უყვართ, მაგრამ ურთიერთობა მოსაწყენი გახდა და ვერაფრით ახერხებენ მის გამრავალფეროვნებას.
უკიდურესად რთულია ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნება, როდესაც ვნება უკვე გამქრალია. ზოგჯერ სიყვარული უბრალოდ არ არის საკმარისი. კარგი კავშირისთვის ძლიერი სექსუალური სურვილი აუცილებელია. მის გარეშე ურთიერთობა აუცილებლად დეგრადირდება, რადგან წყვილის რომანტიკული მოთხოვნილებები არ დაკმაყოფილდება.