"მშობლები ხშირად ხელს უშლიან შვილის წარმატებას" - ექსპერტი, რომლის ორი შვილი Forbes-ის სიაშია, მშობლებს ასწავლის, როგორ აღზარდონ მომავალი მილიონერი და ბედნიერი პიროვნება
ამერიკელი მწერალი, ესტერ ვოიჟიცკი, ავტორი პოპულარული წიგნისა, „როგორ აღვზარდოთ წარმატებული ადამიანი“, საკუთარ მეთოდებს პირველ რიგში საკუთარ შვილებზე იყენებს. ესტერი თეორიტიკოსი კი არა, პრაქტიკოსია: პალო-ალტოს უმაღლეს სკოლაში ჟურნალისტიკას ასწავლის და სახელი იმით გაითქვა, რომ ათასობით სტუდენტს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაეხმარა. მისი მეთოდი მუშაობს და ამის დასტური პირველ რიგში, მისი ქალიშვილები არიან. მათ ბედნიერი პირადი ცხოვრება აქვთ და პროფესიაშიც წარმატებულები არიან. მისი სამი ქალიშვილიდან ერთ-ერთი "იუთუბის" გენერალური დირექტორია, მეორე გენეტიკური ტესტირების ინოვაციურ კომპანიას ხელმძღვანელოს, მესამე კი პროფესორია პედიატრიის დარგში. ორი მათგანი Forbes-ის სიაშიც კი მოხვდა, როგორც ამერიკის ყველაზე წარმატებული ქალები.
ვოიჟიცკის მეთოდი 5 მთავარ პრინციპს ემყარება:
1. ნდობას
2. პატივისცემას
3. დამოუკიდებლობას
4. თანამშრომლობას
5. სიკეთეს
"აღზრდის საიდუმლო მაგალითის მიცემაშია. ბავშვი იზრდება ისე, რა მაგალითსაც ხედავს მშობლებისგან, გარემომცველი ადამიანებისგან. დიას, ბავშვი სიტყვებით კი არა, სხვათა საქციელის შემყურე იძენს ამა თუ იმ თვისებას. ვერ აღზრდით ლაღ, თვითმყოფად პიროვნებას, თუ გვერდით არ ჰყავს ასეთი".
თითქმის ყველა მშობელმა იცის, რა უნარები სჭირდებათ მათ შვილებს წარმატებისთვის, მაგრამ თავად არ ფლობენ ამ უნარებს. აქედან გამომდინარე, შვილის წარმატების გზა თქვენგან იწყება, ამიტომ ჩემი პირველი რჩევა იქნება, საკუთარი თავის განვითარებით დაიწყეთ“ - ვკითხულობთ წიგნის ერთ-ერთ თავში.
აი, ის საჭირო, მოქნილი უნარები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
კომუნიკაციის უნარი - უნდა შეეძლოს ყველასთან ურთიერთობა, გუნდში მუშაობა, საჭირო დროს დახმარების თხოვნა, მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევა,
საკუთარი აზრის დაფიქსირება და დაცვა.
ლიდერობა - საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა. უნდა შეეძლოს პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილების მიღება
ემოციური ინტელექტი - იგრძნოს გარშემომყოფთა განწყობა და აკონტროლოს ემოციები.
კრეატიული აზროვნება - არასტანდარტული და შექმნილი გარემოების მიხედვით გადაწყვეტილების მიღება .
შემოქმედებითი აზროვნება
[/b[b]]კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი
დროის შეგრძნება და მისი სწორად განაწილების უნარი
რაც მეტ ნდობას უცხადებთ ბავშვს, მეტად თავდაჯერებული ხდება
ერთ-ერთ ინტერვიუში ვოიჟიცკი თანამედროვე დედებს თოვლის საწმენდ მანქანებს ადარებს, რომლებიც შვილის წინაშე გზას ყველანაირი დაბრკოლებისგან ათავისუფლებენ.
"ბევრი თანამედროვე დედა თოვლის საწმენდი მანქანასავით არის, რომელიც მუდამ გზას უკვალავს ბავშვს. ეს საქციელი მოწმობს, რომ შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, მშობლებს არ სჯერათ, რომ მათი შვილი დასახულ ამოცანას ან შექმნილ დაბრკოლებას თავად გაუმკლავდება. მშობლები ხშირად არ ვაძლევთ ბავშვს თავისუფალი არჩევანის საშუალებას. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ არის ასეთი გაუბედავი და არამიზანდასახული.
მშობლის ეს ზედმეტი მზრუნველობა ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. მათ შორის საკუთარი არარეალიზებულობით, შიშებითა და იმ ბარიერებით, რომელთა გადალახვაც თავად ვერ შეძლეს. თავინთი გადმოსახედიდან ცდილობენ, ყველაფერი საუკეთესო მისცენ შვილებს, მაქსიმუმი გაუკეთონ, ამ დროს კი მათ ცხოვრებისთვის სასიცოცხლო უნარების განვითარებას არ აცლიან," - აცხადებს ვოიჟიცკი.
დიალოგი ისე წარმართეთ, რომ არ შელახოთ მისი ავტორიტეტი
ვოიჟიცკის თქმით, ძირითადად, მშობელთა ორ კატეგორიას ვხვდებით: ერთნი ძალიან მოუცლელები არიან, სულ საქმით არიან დაკავებულნი და შვილებისთვის სრულფასოვნად ვერ იცლიან. მეორე კატეგორია კი მეტისმეტად დიდ დროს ატარებს შვილთან. პირველ შემთხვევაში გაჯეტებში ჩაძირულ ბავშვს ვხედავთ, მეორე შემთხვევაში კი, გადაჭარბებული მზუნველობისგან შებოჭილს, გადატვირთულს და დაღლილს.
"ორივე სცენარი ცხადყოფს, რომ ბავშვთან დიალოგი არ მიმდინარეობს. ბავშვი საკუთარ თავში იკეტება, რადგან ვერ გრძნობს მშობლებისგან იმხელა ნდობას, რომ თამამად გამოთქვას სურვილები, წუხილი, თქვას, რა არ მოსწონს და არ უნდა.
ეცადეთ, გულწრფელი კონტაქტი გქონდეთ ბავშვთან და მან თავისი აზრები, სურვილები გაგიზიაროთ, იმსჯელოს თქვენთან ერთად, დაამტკიცოს თავისი შეხედულებები, გაგიწიოთ წინააღმდეგობა და შეგეკამათოთ. ამისთვის კარგი საშუალებაა მულტფილმების და საოჯახო ფილმების ერთად ყურება, წიგნი კითხვა და შემდეგ ამ ყველაფრის განხილვა. შეიძლება რაიმე ახალ ამბავზეც ისაუბროთ.
ისე ესაუბრეთ, რომ მისი აზრები არ გააცამტვეროთ. ბალანსის დაცვა ყველაზე დიდი საჩუქარია მშობლისგან - როცა ისე ზრუნავ და აქცევ ყურადღებას, რომ ეს ყველაფერი კონტროლში არ გადადის. ისე გიყვარს, რომ მას საკუთრებად არ აღიქვამ და მისგან წარმოსახვით პიროვნებას არ ქმნი“ - ამბობს მწერალი ერთ-ერთ ინტერვიუში.
რა არის წარმატება
ვოიჟიცკის თქმით, წარმატების ცნება ყველა მშობელს თავისებურად ესმის. ვიღაცისთვის ეს პრესტიჟული სამსახური და სიმდიდრეა. სინამდვილეში კი ეს პირველ ყოვლისა, ემოციურად ჯანსაღი ადამიანია, რომელიც არ კარგავს საკუთარ პრინციპებს ამა თუ იმ სიტუაციაში, არ ექცევა სხვათა გავლენის ქვეშ და ყველა ვითარებაში შეუძლია ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება.
წყარო: mshoblebi.ge