თეგებით ძიება

5 შეცდომა, რომელსაც სირბილისას უშვებენ

საბედნიეროდ სულ უფრო ხშირად შეხვდებით სპორტულ მოედნებსა თუ გამწავნებულ ადგილებში მორბენალ ადამიანებს.
ვარჯიშის მნიშვნელობა სადღეისოდ ბევრ ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს აქვს გაცნობიერებული, შესაბამისად, ახალგაზრდების მსგავსად ხანში შესულებიც ცდილობენ მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს, სირბილს თუ ვერ ახერხებენ, ფეხით მაინც დადიან რეგულარულად. ეს, რა თქმა უნდა, ძალზედ სასიხარულო და მისასალმებელია, თუმცა, თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ 5 ძირითად შეცდომაზე, რომელსაც სირბილის დროს უშვებენ მოვარჯიშენი. მაშ ასე, 5 რამ, რაც არ არის რეკომენდებული სირბილისას:

1) ყურსასმენებით სირბილი - სპეციალისტები ცალსახად გვაფრთხილებენ, არ ვირბინოთ მაღალი მუსიკის თანხლებით.
გარდა იმისა, რომ ეს აღმოცენებული საფრთხის შემთხვევაში ხელს შეგვიშლის გამაფრთხილებელი სიგნალების გაგება-აღქმაში, ჯანმრთელობისთვისაც მეტად მავნებელია. სირბილისას კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ ვარჯიშზე, ვიფიქროთ მის თანაბარზომიერებაზე, უნდა მივაყურადოთ ორგანიზმს, ყოველივე ამაში კი მუსიკა, მით უფრო, ხმამაღალი ხელს გვიშლის. კიდევ ერთი ფაქტორი - მუსიკის შეუღლება ფიზიკურ დატვირთვასთან კიდევ უფრომეტად აჩქარებს სმენის დარღვევათა განვითარებას;

2) საავტომობილო გზების მახლობლად სირბილი - ეს ყოვლად დაუშვებელია, ასე რომ ტროტუარები და ქუჩის მახლობელი ადგილები ამ მიზნით არ უნდა შეარჩიოთ. სირბილისას ადამიანის ფილტვები გაზრდილი დატვირთვით ფუნქციობს და მეტი რაოდენობის ჰაერს ჩაისუნთქავს, აქედან გამომდინარე, მორბენალს უფრო მეტი მოცულობის დაბინძურებული (გამონაბოლქვით გაჯერებული) ჰაერის ჩასუნთქვა უწევს, რაც მეტად მავნებელია ჯანმრთელობისათვის;

3) სირბილი დეოდორანტებისა და ანტიპერსპერანტების გამოყენებით - სირბილის წინ და პროცესში არ უნდა გამოიყენოთ დეოდორანტები და ანტიპერსპერანტები, ისინი გადახურებისა და სითბური დაკვრის პროვოცირებას ახდენს. აღნიშნული საშუალებები აფერხებს ოფლდენას, რომელიც ფიზიკური დატვირთვისას ფიზიოლოგიურად გაძლიერებულია, შესაბამისად, მცირდება სითბოს გაცემაც;

4) სირბილი წყლის რეჟიმის დაცვის გარეშე – ბევრი სირბილისას წყალს არ სვამს, მიუხედავად იმისა რომ წყურვილის გრძნობა ფიზიოლოგიურად უძლიერდება, თამამად შეიძლება ითქვას რომ "იხრჩობა", და ეს მაშინ, როცა სირბილისა თუ ნებისმიერი სხვა ვარჯიშის დროს სავალდებულო და აუცილებელია ყოველ 15-20 წუთში 3-4 ყლუპი წყლის დალევა. სირბილისას გაძლიერებული ოფლდენის გამო წყლის დიდი რაოდენობით დაკარგვა შინაგანი ორგანოების ფუნქციათა დარღვევას იწვევს, ამ დროს განვითარებული ელექტროლიტების დეფიციტის გამო;

5) სირბილი ჯანმრთელობის მდგომარეობის უგულებელყოფით - სირბილის დაწყების წინ, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, რადგან შესაძლოა თქვენი ორგანიზმის მდგომარეობიდან გამომდინარე სირბილი თქვენთვის უკუნაჩვენები იყოს. და მაინც, თუ გადაწყვიტეთ ფიზიკური აქტიურობა და შეუდექით მას, აუცილებლად მიაყურადეთ ორგანიზმს, ისეთი სიმპტომების აღმოცენებისას, როგორებიცაა, კანკალი, ცხელება, თვალებში დაბნელება, გულის რიტმის ცვლილება, უმჯობესია შეწყვიტოთ სირბილი, ფეხით სიარულზე გადახვიდეთ, მალევე დაასრულოთ ვარჯიში და მიმართოთ ექიმს საკონსულტაციოდ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა