თეგებით ძიება

"ამოჩემებული მქონდა ერთი კონკრეტული სახლი, სადაც თურმე ჩემი ბიოლოგიური დედა ცხოვრობდა“ - როგორ იპოვა 16 წლის გოგონამ ბიოლოგიური დედა

15 წლის მარიამ გეგეჭკორმა გარდატეხის პერიოდში, 15 წლის ასაკში, გაიგო , რომ ნაშვილები იყო. თუმცა, როგორც თავად ამბობს, სულ გრძნობდა, რომ იქ არ იყო სადაც დაიბადა და ფიქრობდა, რომ აყვანილი იყო.

როგორ იპოვა ბიოლოგიური მშობლები, ამის შესახებ თავად ჰყვება:

"თინეიჯერობის ასაკიდან მოყოლებული, რაც თავი მახსოვს, სულ ერთი და იგივე აზრი მიტრიალებდა, რომ ნაშვილები ვარ. არც არავის უთქვამს ეს, იმ პერიოდში. მამა 4 წლისას გარდამეცვალა და ასაკოვანი დედა მზრდიდა, არც არაფერი დაუკლია, რაც შეეძლო. ჩემი სოფლის გვერდითა სოფელია, რომელიც ქალაქში მოხვედრამდე გზად უნდა გამევლო. ამოჩემებული მქონდა ერთი კონკრეტული სახლი, რომელშიც ყოველთვის დიდი ინტერესით ვიყურებოდი. სურვილი მქონდა, ვინმე მაინც დამენახა ეზოში. გამიზნულად, იმ მხარეს ვჯდებოდი ტრანსპორტში, რომელ მხარესაც ეს სახლი იდგა. მიკვირდა, რატომ ამოვიჩემე ეს სახლი-მეთქი, როცა არავის ვიცნობდი იქ.

ერთ დღესაც, 15-16 წლის როცა ვიყავი, დედას ექიმთან გავყევი. საავადმყოფოს მიმღებში ლოდინისას გადავაწყდი ნაცნობ ლაბორანტს, რომელიც გვენათესავებოდა. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და მოულოდნელად მკითხა: „იცი, დედაშენის შვილი რომ არ ხარ?“ არა-მეთქი, ვუთხარი და პასუხი – „არა უშავს, ალბათ აწი გეტყვის“…

ეგ იყო და ეგ. აი, იმ დროს ჩამომენგრა თავზე სამყარო… არ ვიცოდი, რა მექნა, რა მეთქვა. კარგა ხანი შოკში ვიყავი. ძალა მოვიკრიბე და დედაჩემს ვკითხე რამდენიმე თვის შემდეგ, რატომ მატყუებდა და ვინ იყვნენ ჩემი მშობლები.

ამ ამბამდე ერთი წლით ადრე დედამ ვიღაც ქალის (როგორც შემდეგ აღმოჩნდა – ბებიის) სამძიმარზე და შემდეგ დაკრძალვაზე წამიყვანა იმ სახლში, რომელზეც ზემოთ მოგიყევით. ბებიამ მიპასუხა – „ისინი არიან, ჩვენ რომ ვიყავით დაკრძალვაზე, გახსოვს?“

მეორე დღეს, დილით ხელი მომკიდა და მათთან წამიყვანა. არც ერთხელ არ უთქვამს გამზრდელ დედას, რომ ჩემები არ მომეძებნა და არ მქონოდა კონტაქტი. პირიქით, ამის შემდეგ უფრო მეტად დავაფასე დედა. ახლა ამაზე ლაპარაკი მარტივია, მაგრამ ძალიან რთულად გადავლახე ყველაფერი. თუმცა, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. მყავს 4 ძმა და ერთი და, რომელთანაც ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. ბიოლოგიური მშობლებიც ცოცხლები არიან, მათთანაც ვკონტაქტობ. დღესაც გამზრდელ დედასთან ვცხოვრობ და არც არასდროს გამჩენია, მისი დატოვების სურვილი“…


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა