როგორ დავძლიოთ შფოთი და ვისწავლოთ „არა“-ს თქმა?
უარის თქმა არის უნარი, რომელთანაც ადამიანების უმეტესობას პრობლემები აქვს. ძალიან ხშირია გარკვეული შფოთის, სტრესის, გადატვირთულობისა ან აბსოლუტური შეუძლებლობის განცდა, როდესაც ადამიანს, „არა“-ს თქმა სჭირდება. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ ცხოვრების მიერ შემოთავაზებული ყველა შესაძლებლობისთვის, აუცილებელია „კი“-ის თქმა.
ძირითადი მიზეზი, რის გამოც რთულია უარის თქმა, სოციალური (”ხალხი რას იტყვის”, ”ეგოისტი არ უნდა იყო”), მეგობრებისა და ოჯახისგან მოლოდინი, დაკარგვის შიში და სხვადასხვა სოციალური ვალდებულებები.
თუმცა ეს მიზეზი, სამ ძირითად ფაქტორად იყოფა:
ადამიანმა არ იცის, როდის ან რაზე უნდა თქვას უარი;
ადამიანმა არ იცის, როგორ უნდა თქვას უარი თავაზიანად;
ადამიანი შეშფოთებულია იმაზე, თუ როგორ მიიღებენ მის უარს (წუხს, რომ ადამიანები გაღიზიანდებიან ან გაბრაზდებიან).
ზოგიერთი ადამიანისთვის კი, პირიქით, ძალიან ადვილია „არა“-ს თქმა. რადგან მან იცის, რომ ახლო ურთიერთობაში ყოფნა ყოველთვის არ ნიშნავს თავგანწირვას და სხვის გვერდით ყოფნას. ზოგადად, რაც უფრო ახლოა ურთიერთობა, მით უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ გვსურს ამ ადამიანთან/ადამიანებთან ყოფნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არასდროს ვიტყვით უარს. ალბათ კიდევ უფრო არსებითია კარგი საზღვრების დაცვა ჩვენს ყველაზე ახლობელ ადამიანებთან. მხოლოდ ამ ფორმით შევძლებთ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი და ხანგრძლივი ურთიერთობები.
უარის თქმის მარტივი, მაგრამ ურთიერთობის შენარჩუნების რამდენიმე გზაა:
· გმადლობ, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის ხელსაყრელი/მისაღები
ეს არის მარტივი და გასაგები ვერსია, რომელსაც უარის მთელი ტვირთი, გადააქვს იმ ადამიანზე, ვინც „არა“-ს ამბობს. ამ შემთხვევაში იმის ახსნაც კი არაა საჭირო, რატომ ამბობთ უარს.
· ეს მშვენიერი შეთავაზებაა, მაგრამ მე ზედმეტად დაკავებული ვარ ამ მომენტში. შეგვიძლია სხვა დროს ვცადოთ.
ეს კარგი ვარიანტია იმ შემთხვევაში, როდესაც გსურთ რამის გაკეთება, მაგრამ ამისათვის, ამ ეტაპზე, არ გაქვთ დრო, ენერგია და ფული.
· ამ დროისთვის არ შემიძლია გავაკეთო „X“, მაგრამ შემიძლია შემოგთავაზო ჩემი ვარიანტი “Y”.
ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, როდესაც გრძნობთ, რომ შეგიძლიათ თქვათ
„დიახ“ თხოვნის ნაწილზე ან როდესაც კომპრომისი აუცილებელია.
· უკაცრავად, სხვა გეგმები მაქვს
მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა გამოიყენოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმართლეა და არა მარტივი სოციალური ტყუილი.
· ამ შემთხვევაში, მე ვერ შევძლებ დახმარებას, მაგრამ ხომ X-თან საუბარი რომ გეცადა?
ზოგჯერ ჩვენ უბრალოდ არ ვართ ის ადამიანები, ვინც სხვას სჭირდება. მაგალითად: ძალიან ხშირად, მეგობარს უბრალოდ ფსიქოთერაპია ესაჭიროება და არა მეგობრის რჩევა.
· მე არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი შესაძლებლობების ფარგლებშია, უკაცრავად.
მარტივი და პატიოსანი.
· ვწუხვარ, რომ ამაში ვერ დაგეხმარები, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავადაც შეგიძლია ამის გაკეთება. მოგვიანებით ვისაუბროთ შენი გეგმების შესახებ.
ეს კომპრომისის შეთავაზების კარგი გზაა, როდესაც გრძნობთ, რომ ადამიანი შეიძლება ძალიან დამოკიდებული იყოს და დახმარებას ითხოვს იმათთვის, რისი გაკეთებაც თავად შეუძლია.
პირველ რიგში, უარის თქმის სწავლის საფუძველს წარმოადგენს იმის გაგება, თუ რატომ არ ამბობთ უარს: გეშინიათ ამ შანსის ხელიდან გაშვების? თავს დამნაშავედ გრძნობთ? შეშფოთებული ხართ პასუხით? დაიმახსოვრეთ, უარის თქმა ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენს მიზნებსა და ღირებულებებს, გვეხმარება დროის რესურსის სწორ განაწილებაში. ეს კი, ბედნიერი და სრულყოფილი ცხოვრების ერთ-ერთი საიდუმლოა.