ქოჩორაშვილმა ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშა
ლა ლიგის 36-ე ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „ლევანტეს“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. კუმანის გუნდი 2-ჯერ იგებდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია და მატჩი ფრედ, 3-3 დასრულდა.
„ლევანტესა“ და „ბარსელონას“ ჯახი ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებული გამოდგა. შეხვედრის 90-ე წუთზე ვალენსიელთა ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი შეცვლაზე შემოვიდა და „ბლაუგრანას“ წინააღმდეგ მოედანზე რამდენიმე წუთი გაატარა. გიომ „ლევანტეს“ ლეგენდა და გოლის ავტორი, ხოსე მორალესი შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა „ბეტისის“ წინააღმდეგ ჩაატარა. ქოჩორაშვილი მოედანზე 89-ე წუთზე, მატჩის ერთ-ერთ გმირ ხოსე ლუის მორალესის ნაცვლად შეიყვანეს. იმ დროისთვის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო, გიორგის კი მინდორზე 6-7 წუთის გატარება მოუწია და საკუთარ გუნდს, რომელიც უკვე 10 კაცით თამაშობდა, თამაშის გამარჯვებამდე მიყვანაში დაეხმარა. ცნობისთვის, გიორგი ქოჩორაშვილმა 16 დეკემბერს, ესპანეთის თასის მატჩში "მურსიასთან" ასევე შეცვლაზე ითამაშა და თავის პირენეულ კარიერაში პირველი გოლიც გაიტანა. ლა ლიგაში კი მისი დებიუტი გასულ სეზონში, 12 ივლისს, "ბილბაოსთან" შეხვედრისას შედგა.