უიღბლო მაკარიძე და მისი ალმერია - მომენტი, როცა ლა ლიგაში აღზევებას მსაჯი გიშლის
15 მაისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გიორგი მაკარიძის "ალმერია" საკუთარ კედლებში "ალბასეტეს" მიიღებს. შეგახსენებთ, ანდალუსიელები ლა ლიგაში აღზევებისთვის იბრძვიან.
სეგუნდა დივიზიონის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე რჩება ოთხი ტური, "თეთრ-წითლები" კი 66 ქულით მესამე ადგილზე არიან.
1-2 ადგილოსნები პრიმერა დივიზიონში ხვდებიან ავტომატურად, 3-6 ადგილოსნები კი მესამე ვაკანტურ ადგილს პლეი-ოფში მოიპოვებენ.
სატურნირო ცხრილს ლიდერობს ლა ლიგაში უკვე აღზევებული "ესპანიოლი" (78 ქულა), რომელსაც "რეალ მალიორკა" (72 ქულა) მოსდევს.
ახლა კი იწყება ყველაზე საინტერესო - ქართველი მეკარის გუნდს ჰყავს ერთბაშად ოთხი კონკურენტი - "ლეგანესი" (63 ქულა), ხიხონის "სპორტინგი" (61 ქულა), "ჟირონა" (აგრეთვე 61 ქულა) და "რაიოც" (58 ქულა).
რაც შეეხება "ალმერიას" უახლოეს მოწინააღმდეგეს, მიუხედავად იმისა, რომ "ალბასეტე" არის ბოლოადგილოსანი და საერთო ჯამში ლიგის უსუსტესი გუნდი, ქომაგები მოგებაში დარწმუნებულები არ არიან.
მიზეზი - შეხვედრის მთავარი არბიტრი, ორტის არიასი, რომლის მსაჯობით ანდალუსიელებმა მიმდინარე სეზონში ორიდან ორი მატჩი წააგეს ("სარაგოსასთან" 1:2, "მალიორკასთან" 0:2).
განაკუთრებით თვალშისაცემი იყო მეორე მარცხი, რადგან ესპანელმა არბიტრმა "თეთრ-წითლების" საწინააღმდეგოდ მიიღო რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება.
პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირენეელი არბიტრი "როხიბლანკოს" ფეხბურთელებს, მათ შორის მაკარიძეს, სიტყვიერადაც კი დაემუქრა. აღნიშნული ინფორმაცია Diario De Almeria-მ გაავრცელა.