თეგებით ძიება

"ყოველ დილას ვცდილობ შეყვარებულმა გავიღვიძო..." - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მხოლოდ შეყვარებულს აქვს უფლება იწოდებოდეს ადამიანადო, იმ დოსტოევსკიმ თქვა, ჩვენ რომ ვიცით და თქვენ რომ მისით რუსეთის სიყვარულს ამართლებთ. ხოდა ისე უკამათოდ ვეთანხმები, როგორც ქრისტეს ერთადერთ მცნებას, "გიყვარდეს მოყვასი შენი". არცერთი სხვა მცნება, მოსეს დანატოვარი არ არის ასე აბსოლუტური, სხვა ყველას აქვს გამონაკლისი დაშვებები, რომელიც გპატიობს კაცის კვლასაც კი, თუ სხვა გზა არ გქონდა, თუ თავს იცავდი და ა.შ. და ის, რასაც გამონაკლისი გააჩნია, საკმარისად ღვთაებრივი არ არის. ამიტომ ვირჩევ ქრისტეს და არა სხვას, რადგან მხოლოდ ეს მცნება ხდის აბსოლუტურს დანარჩენ ათს და მის გარეშე არცერთს იმ ათიდან ღვთაებრივი სიკეთის დამკვიდრების შანსი არ გააჩნია. ხოდა ყოველ დილას ვცდილობ შეყვარებულმა გავიღვიძო ყველაში და ყველაფერში და თუ არ გამომდის, იმ დილას ვტოვებ სილამაზის, კეთილხმოვანების, კეთილსურნელების განცდას და ვხდები ნაცრისფერი, აგრესიულიც კი. მაგრამ როცა გამომდის და შეყვარებული ვიღვიძებ, ვკოცნი ყვავილებს, სხვანაირად ვგრძნობ ყველაფრის სურნელს და მიბრუნდება სიკეთის დაუზარლობა, სხვისი ფერების, ზრუნვის უნარი. როცა შეყვარებული ხარ, უხეშობად გეჩვენება ყველაფერი დესტრუქციული, გინდა რომ იღიმოდეს ირგვლივ ყველა და გინდა ბედნიერი იყოს ყველა თავისი არსებობით, რომ ატმოსფერო იდგეს სასიყვარულო და არა მტრული ირგვლივ. ხოდა სიყვარულს, ჩახუტებას და არა ხელის კვრას ვადიდებ ყველა ფორმით გამოვლენილს, ოღონდაც იყოს, ვისაც როგორ გამოუვა. ეს ერთადერთი გრძნობაა, რაც გვაკავშირებს ღმერთის იდეასთან, დანარჩენისთვის მოსვლაც არ ღირდა. წარმოუდგენელია, სიყვარულით გაჟღენთილმა ადამიანმა სხვას ქვა ესროლოს. წარმოუდგენელია, ადამიანმა, რომელმაც ამქვეყნად ყოფნის მთელი ტრაგიზმი გაიაზრა, სხვის ტკივილს გულგრილად ეკიდებოდეს. ხოდა ვნახოთ აბა, რამდენი სიყვარულია თქვენს წმინდა ოჯახებში, თქვენს სიყვარულს ზეიმობთ, თუ სხვის დასარბევად შეიკარით ლეგიონად. თქვენი არსებობით ხარობთ, თუ სხვისი დაკნინების ხარჯზე გინდათ რამედ იგრძნოთ თავი. ხომ გახსოვთ, რომ სხვის წვეულებაზე დაიპატიჟეთ თავი, მაინცდამაინც 17 მაისს, როცა მათი ხმა უნდა გაგვეგონა, ვინც თავის გარიყულობას წუხს. საბოლოოდ, ამ შეერთების იდეა მომწონს კიდეც, როდესმე დაყოფა - "ჩვენ" და "ისინი" სასაცილოდ მოგვეჩვენება, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე აღარ აღმოვჩნდებით, ხან სანთელზე და ხან პაპიროსზე გადავუკიდებთ ერთმანეთს და გავაბოლებთ მშვიდობის ყალიონს ყველა ბედნიერი, ყველა თავისებურად შეყვარებული, მაშასადამე ნამდვილად ადამიანადქცეული. ხოდა ადამიანობიდან ღმერთობამდე რომ პატარიკა საფეხურიღაა, ხომ იცით უჩემოდაც", - წერს ფანჯიკიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა