თეგებით ძიება

"მეოთხე ტალღას ვერ ავცდებით" - როდისთვის ვარაუდობს გიორგი ფხაკაძე მორიგ კოვიდტალღას?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში კორონავირუსის მორიგ ტალღას სექტემბრისთვის ვარაუდობს.

როგორც ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, ვაქცინირებულებისთვის „მწვანე პასპორტების“ შემოღებას არ ეთანხმება.

მისივე აზრით, მიდგომა, ვინც აიცრება, მათთვის ყველაფერი გაიხსნას - არასწორია.

"როგორც ვამბობდი, ასეც მოხდა - 2021 წელს საქართველოში ვაქცინაცია არ იქნება. მოსახლეობის 1%-ის აცრა არაფერს გვაძლევს. ქვეყანა უნდა აიცრას 3 თვეში, სწრაფად და ყველა! ეს არის ვაქცინაციის პროგრამა, დანარჩენი თამაშია.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესს რომ 5 თვე წელავენ, ამ დროში ადამიანი კარგავს იმუნიტეტს და აცრილიც ხელახლა უნდა აიცრას.

ვისაც სოფელი გაქვთ, ეს ფუფუნება გამოიყენეთ და იყავით სუფთა ჰაერზე. ხალხთან კონტაქტი მინიმუმამდე შეამცირეთ. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. იყოლიეთ ექიმი მეგობრები. რამე რომ მოხდეს, რეანიმაციაში ადგილს იშოვით.

საქმე იქითკენ მიდის, რომ ამ ქვეყანაში ვირუსი ჩაქრობას არ აპირებს. საქართველოში პროცესზე პასუხისმგებელი პირები ყველაფერს აკეთებენ, ვირუსი უფრო გავრცელდეს. გაქანებული ეპიდემიაა და არაფერი არ არის დაკეტილი. "კომენდანტის საათს" უკვე აზრიც არა აქვს, კარანტინის კონცეფციამ მნიშვნელობა დაკარგა.

ნუ აწვალებთ ხალხს, ბარემ მოხსენით ეს "კომენდანტის საათიც". დაამატეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ერთადერთი, რაც დარჩენია მთავრობას, მოუწოდოს ხალხს პირბადის გამოყენებისკენ, დანარჩენი ქვეყანაში არც ერთი ღონისძიება არ მუშაობს და არაეფექტურია.

ვითომ „ვაქცინაციის პროცესი“ უმაღლესი დონის „დაბოლებაა“. ქვეყანას სჭირდება 4 მლნ დოზა ვაქცინა.

ჩვენს თავს თავად უნდა ვუშველოთ, ხომ ხედავთ. ნუ ნერვიულობთ, იცით, რაც უნდა გააკეთოთ. პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა. თუ მაინც ამოყოფთ საავადმყოფოში თავს, სანთელი და ეკლესია, სხვა გზა არ არის დარჩენილი.

იმედია, ზაფხულში, ამ თვის ბოლო კვირას ნელ-ნელა ჩაცხრება ეს ვირუსი თავისი ბიოლოგიური ციკლის მიხედვით. ზაფხულში დავისვენოთ, ენერგია მოვიმარაგოთ. გვახსოვდეს, ვირუსი არსად წავა. სექტემბრის ბოლოს მეოთხე ტალღა გვექნება. მოვემზადოთ.

ახლა 1 მლნ ვაქცინაც რომ ჩამოიტანონ, მეოთხე ტალღას ვერ ავცდებით. მეოთხე ტალღას რომ ვაცდეთ, უნდა გავაკეთოთ მოზრდილი მოსახლეობის 70% ვაქცინაცია. ამას ვერ აკეთებენ. შესაბამისად, დატკბით ზაფხულით, ფრთხილად იყავით და მოემზადეთ", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა