გიორგი ვაშაძე: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში ამ მასშტაბის ცვლილებები არ განხორციელებულა
ისეთ ცვლილებებს ვაკეთებთ, ფაქტობრივად, მათ არჩევნების გასაყალბებლად ბერკეტი არ ექნებათ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, საარჩევნო რეფორმის კუთხით ამ მასშტაბის ცვლილებები არ განხორციელებულა.
„ეს შეეხება როგორც პროცედურებს, ასევე, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლობების პარიტეტს; ტექნოლოგიებს, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებზე პირველად იქნება გამოყენებული და ჩვენი ხმების დაცულობას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება თამარ ჟვანიას, ისეთ ცვლილებებს ვაკეთებთ, ფაქტობრივად, მათ არჩევნების გასაყალბებლად ბერკეტი არ ექნებათ. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება 2/3-ის უმრავლესობით, სადაც ოპოზიციური ხმების გარეშე ცესკო, როგორც კოლეგიური ორგანო, ამ გადაწყევტილებას ვერ მიიღებს“, - განაცხადა ვაშაძემ.
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეჯერებული პროექტი, ვენეციის კომისიას დასკვნისთვის, სავარაუდოდ დღის ბოლოს გადაეგზავნება.