თეგებით ძიება

„ლარის გამყარების მიზეზებზე საუბარი ნაადრევია, რადგან არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“ - ზვიად ხორგუაშვილი

„ახლა გამყარების მიზეზებზე საუბარი ნაადრევია, რადგან არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. მინიმუმ სტატისტიკა უნდა გვქონდეს დოლარისა და ლარის მასის ცვლილების, რომ რაღაც დასკვნები გავაკეთოთ. სანამ ეს სტატისტიკა არ იქნება, მანამდე არასწორია მკითხაობა ან კომენტარის გაკეთება“, - ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსის მკვეთრ გამყარებას.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ლარის კურსთან დაკავშირებით საუბარი მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში ფულის მასის ცვლილების სტატისტიკის ანალიზის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ძალიან ბევრჯერ გვინახავს მოკლე პერიოდში, ერთ-ორ დღეში ან ერთ კვირაში მკვეთრად გამყარებული ან გაუფასურებული ლარი. ამ დროს ვერ ვიტყვით რას შეიძლება უკავშირდებოდეს ამგვარი ცვლილება და ვინც ასეთ მოკლევადიან პერიოდში კონკრეტულ მიზეზს დაასახელებს, უბრალოდ იტყუება.

დიდი ალბათობით, ბევრი ადამიანი დაიწყებს ტრაბახს, რომ ყველაფერი კარგად მიდის და ამიტომ მყარდება ლარი. რეალურად, ჯერჯერობით, არ ვიცით რა ხდება და ამას მეც მოლოდინებს ვუკავშირებ, რადგან საქართველოს ეკონომიკაში არაფერი სერიოზულად არ შეცვლილა.

თუ გამყარების ტენდენცია შენარჩუნდება, შემდეგ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რას უკავშირდება ეს პროცესი, მაგალითად ნაკლები დოლარის გადინებას, მეტი დოლარის შემოდინებას, ლარის მასის შემცირებას თუ მოლოდინებს. ამაზე საშუალოვადიან პერიოდში შეგვეძლება მსჯელობა“, - განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების გამო მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქება ლარის კურსის ცვლილების მიზეზი ვერ იქნება და პოზიტიური მოლოდინების გაჩენა შესაძლოა სავაჭრო ბირჟაზე ინვესტორების მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს უკავშირდებოდეს.

„შეზღუდვების შემსუბუქება არავითარ კავშირში არ არის ლარის კურსთან, რადგან ორი საათით რომ „კომენდანტის საათმა“ გადაიწია ეს არაფერ გავლენას არ ახდენს ეკონომიკაზე. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე მომხდარ ფაქტს, როცა ერთ-ერთმა ინვესტორმა რაღაც მკვეთრი ნაბიჯი გააკეთა და დანარჩენებიც მიჰყვა მას და ამით შეიქმნა მოლოდინი. ეს წმინდა ფინანსური საკითხია და არაფერ შუაში შესაძლოა არ იყოს საქართველოს ეკონომიკასთან.

გარკვეულწილად ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს მოლოდინებს, რომ ქვეყანაში რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალა, თუმცა ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სავაჭრო პლატფორმაზე მოლოდინებს, ამიტომ არავის, დედამიწის ზურგზე, ნებისმიერი ვალუტის მოკლევადიან პერიოდში გამყარებაზე ან გაუფასურებაზე კონკრეტული კომენტარის გაკეთება არ შეუძლია“, - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა