მიუღებელია გირჩის ინიციატივა, მოხდეს 7 ნოემბრის და 26 მაისის მოვლენების ამნისტირება - დავით ჩიხელიძე
„მიუღებელია გირჩის ინიციატივა, მოხდეს 7 ნოემბრის და 26 მაისის მოვლენების ამნისტირება. 7 ნოემბრის, 26 მაისის 20 ივნისის მოვლენების შედარება და მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმა შეუძლებელია, მათი არათუ ერთ კონტექსტში განხილვა, არამედ შედარებაც კი უხერხულია, აღნიშნული არ გახლავთ რელევანტური,“ - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კანონპროექტი რომლის დარეგისტრირებაზეც გირჩი მუშაობს, მიხეილ სააკაშვილის სიყვარულის გამოძახილია და არა შერიგებაზე ფიქრში წარმოშობილი იდეა:
„7 ნოემბერს და 26 მაისს მოხდა მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევა, რასაც ბონუსად კერძო ტელევიზიაში შეჭრა და დარბევა მოყვა, ხოლო 26 მაისს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის გარდა მოხდა უმძიმესი ადამიანური ტრაგედია. დარბევას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეს არის უდიდესი ტრაგედია რომლის პატიება და ამნისტირება დაუშვებელია.
რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენებს, ეს იყო ძალადობრივი პროტესტი, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა კონსტიტუციური ორგანოს შტურმს, იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა, რასაც ადეკვატურად უპასუხა სახელმწიფომ და პარლამენტში ადამიანების ძალადობრივი შეჭრა აღკვეთა. პოლიციამ იმოქმედა კანონის შესაბამისად და მასზე დაკისრებული მოვალეობა მაღალპროფესიულ დონეზე გაართვა თავი. კანონპროექტი რომლის დარეგისტრირებაზეც გირჩი მუშაობს, მიშას სიყვარულის გამოძახილია და არა შერიგებაზე ფიქრში წარმოშობილი იდეა“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.