გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს - პრემიერი
გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს, - ამის შესახებ პრემიერლ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენებასთან დაკავშირებით.
„არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი“ - ეს არის იმ ადამიანის სიტყვები, ვინც თავად იყო ამ დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, თავისი ხალხის შინაგანი ძლიერების თვალსაჩინო მაგალითი, ქვეყნის ღირსეული შვილი.
გენერალ გიორგი კვინიტაძის გადმოსვენებაზე მუშაობა ჩემი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დავიწყეთ და დღეს, ასწლიანი განშორების შემდეგ იგი სამშობლოს დაუბრუნდა.
გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს და მისი საქართველოში გადმოსვენება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს სხვა დიდი მამულიშვილების გვერდით, მთაწმინდის პანთეონის მიწას მივაბარებთ", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.