თეგებით ძიება

"რაც მასების მენტალობას ეწინააღმდეგება, არ მიშნავს, რომ ცუდიან, ან შეცდომაა..." -პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში წერს:

"ღმერთი არ არის მითოლოგიური არსება, რომელიც განრისხდება და შურს იძიებს. არც აკრძალვები და შეზღუდული აზროვნებაა...
რაც კი ღირებული შექმნილა კაცობრიობის ისტორიაში, ქრისტიანობის სახელით ხდებოდა, მაგრამ დამახინჯებული რწმენის საფუძველზე ბევრი ბოროტობაც მომხდარა...
ყველაზე დაუნდობელი კასტა არაჯანსაღი, ფარისეველი, ყალბი და ფანატიკოსი ქრისტიანები არიან, რომლებიც ყველაფერს ებრძვიან რაც ადამიანური და ნამდვილია...
მათ ყველაზე მთავარი ავიწყდებათ, ქრისტე ადამიანად მოევლინა ამ სამყაროს და თანაბრად ჰქონდა ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება...
ჩვენ ვითომ მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ ვუარყოფთ ადამიანურს და ვეპოტინებით ღვთაებრივს. არადა, განღმრთობა ადამიანობიდან, ცა მიწიდან იწყება.
ჯანსაღ რელიგიას არ ეწინააღმდეგება ღიმილი, ბედნიერება, სიხარული, პოეზია, მუსიკა, მხატვრობა...
დღეს ოცდამეერთე საუკუნეში ამ ყველაფრის მტკიცება ძალიან უხერხული და უბედურებაა.
სავსეა საეკლესიო გამოცდილება მსგავსი ფაქტებით.
დამღუპველია აზრი, რომ შემოქმედი ადამიანი ვერ ცხონდება, მსახიობი ჯოჯოხეთში წავა და მარტო ქრისტეს სახელით გამოქვაბულში გამოკეტილები დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს...
კარგად გვახსოვს ილიას განდეგილი, მართლაც გამოქვაბულში ცხოვრობდა, მაგრამ სულიერად დაეცა, ლოტი სოდომში იყო და გადარჩა...
მე მაინც მგონია ამხელა სიბნელე უცოდინრობის, ბრმა მინდობის, მახინჯი მიდგომების ბრალია...
საბჭოთა გადმონაშთმა საზოგადოებას ძალიან დიდი ლაქა დაასვა, რომლის ჩამოშორება არც მოუნდათ... სწორედ ამიტომ წარმართობამდე დასული რელიგია ნაპრალი გახდა თაობებს შორის და შეერთების ნაცვლად გაყოფის და დაპირისპირების როლი იკისრა... ასეც უნდა იყოს...
მოწესრიგებული, მოვლილი, განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე სამღვდელოება ჯერ კიდევ აკრძალულ ნაყოფად აღიქმება, რადგან დაჩიავებული, მოუვლელი, მხოლოდ დაზეპირებული ფრაზებით მოსაუბრე ,,მამაოს” ეპოქა რელიგიის ორგანულ ნაწილად ჩამოყალიბდა და სტერეოტიპების მსხვრევის მიუხედავად, მაინც ძალაში დარჩა...

არადა, მღვდელი ყველაზე სოციალური, ყველაზე აქტიური, ყველაზე ნაკითხი და განათლებული უნდა იყოს... ტელევიზიებით, სოციალური ქსელით ხშირად უნდა ჩნდებოდეს... მერე ერთეულები არ იქნებიან, როგორც ,,თეთრი ყვავი”...
დრო მაინც თავისას გაიტანს, ახალ თაობას აღარ დააკმაყოფილებს ძველი აღთქმის ფრაზებით მოსაუბრე შემოსილები და სავალალო შედეგს მივიღებთ... ან ეკლესიის კარს სამუდამოდ მიხურავენ, ან დაუპირისპირდებიან და მტრებად ჩამოყალიბდებიან... ზოგიერი ,,რჯულის მოძღვარი” გამოვა და იტყვის, რომ ,,მტრები” არიან... სინამდვილეში მტერი ის არის, ვინც ქრისტეს მოძღვრებას ამახინჯებს...
ხშირად მსმენია ფრაზები, ლექსებს რატომ წერ, პოეზიის საღამოებს რატომ მართავ, ტელევიზიებში რატომ დადიხარ... კიდევ ბევრი სისულელე... არგუმენტად მოჰყავთ ქრისტეს ეპოქა და მისი მოციქულები...
რელიგია აზროვნებაა, აბსოლუტური გონია...

წამით დროის მანქანით ვიმოგზაუროთ, იმ დროს რომ ყოფილიყო განვითარებული კომუნიკაცია, მოციქულები ქვეყნებს შორის ფეხით კი არ იმოგზაურებდნენ, ადგილიდან გაუსვლელად, ყველა საშუალების გამოყენებით იქადაგებდნენ ღვთის სიტყვას და კიდევ უფრო მეტი მიმდევარი ეყოლებოდათ...

თავის დროზე ვერც ქრისტე მიიღეს, როგორ ჩვენ ყველა ვცდებით და მარტო შენ ხარ მართალიო?!
ასეა, არ დაიჯეროთ, რომ ვინაიდან მეტი ხალხია შეკრებილი, მხოლოდ ამის გამო არის უმრავლესობის მხარეს სიმართლე... არა, შეიძლება მარტო დარჩე და სიმართლე შენს მხარეს იყოს...

ჰოდა, რაც მასების მენტალობას ეწინააღმდეგება, არ მიშნავს, რომ ცუდიან, ან შეცდომაა...
ნიცშე არ ებრძოდა ქრისტეს, ის ებრძოდა ეპოქას, რომელიც ქრისტეს სახელით ანტიქრისტიანულ აზროვნებას ეთაყვანებოდა... ამიტომაც თქვა ,,ღმერთი მოკვდა”...

ჰო, ქრისტეს აღიარება მარტო ლოცვების წაკითხვით და სანთლების აბრიალებით არ გამოიხატება, ეს რიტუალის ნაწილია... ქრისტე უფრო მეტია, ვიდრე რიტუალი, ის სულის მდგომარეობაა...
ის ყველაზე თანამედროვეა, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი!..

არ უნდა შეგვაშინოს აზროვნებამ, რადგან მის გარეშე ღმერთიც კი საშიშია!..", - წერს სასულიერო პირი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა