საქართველოს ბანკები, რომლებიც ამ პირებს ხვალიდან მოემსახურებიან, მოექცევიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ - რომან გოცირიძე
საქართველოს ბანკები, რომლებიც ამ პირებს ხვალიდან მოემსახურებიან, მოექცევიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ, - ასე ეხმაურება ევროოპტიმისტების თავმჯდომარე რომან გოცირიძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ზვიად ხარაზიშვილის, მილერი ლაგაზაურის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის დაასანქცირების საკითხს.
ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ ოთხი პირისადმი, შსს-ს მაღალჩინოსნებისა და ალტინფოს წარმომადგენლებისადმი დაწესებული იქნა არა სავიზო, არამედ საფინანსო სანქციები, ისეთი სახის, როგორიც იქნა დაწესებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ფარცხალაძის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკები, რომლებიც ამ პირებს ხვალიდან მოემსახურებიან, მოექცევიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ.
ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სანქციების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოხდება მხოლოდ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. დღეიდან ქართული ბანკები წინააღმდეგობაში ვარდებიან-დაიცვან ეროვნული ბანკის დადგენილება თუ დაექვემდებარონ საერთაშორისო სანქციებს.
კომერციულმა ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ფინანსური სისტემის კოლაფსის ტოლფასი იქნება - წერს გოცირიძე.