ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პროტესტის გამოხატვის თავისუფლება - ღარიბაშვილი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე
ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენს ქვეყანაში, 2012 წლიდან მოყოლებული, არის სრული თავისუფლება და დემოკრატია. რეალური ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის აქციების მეშვეობით.
აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალური ის, რაც ხდება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.
"რიონის მცველები" მოითხოვენ:
შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.