თეგებით ძიება

პროექტის დეტალებზე პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით, მათი ჩართულობით და არა ქუჩაში, მეგაფონის მოშველიებით - თურნავა "ნამახვანჰესზე"

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების კითხვებს კომპეტენტურად უნდა გაეცეს პასუხები, თუმცა, არა - ქუჩასა და კარვებში.

აღნიშნული განცხადება მინისტრმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ესაა ძალიან მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა ენერგეტიკაზე გადის, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კი - საკუთარი, განახლებადი რესურსების განვითარებაზე. როდესაც საუბარია ასეთი მასშტაბის ჰიდროსადგურზე, ეს, ნებისმიერ ქვეყანაში, გარკვეული განმარტებების რეჟიმში განხილვის თემა. სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტი მსხვილ ჰიდროსადგურებს. აქედან გამომდინარე, რაღაც განსაკუთრებული პროცესი ეს არაა, მაგრამ ჩვენ, ხელისუფლება ვალდებულები ვართ, რომ ასეთ დროს ყველა კითხვას პასუხი გავცეთ.

როდესაც საუბარია ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე, ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით, მათი ჩართულობით და რა თქმა უნდა, არა ქუჩაში, კარვებში, მეგაფონის მოშველიებით, ეს არაა სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ პროექტის შესახებ სიმართლე გაიგოს.

ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია, ბევრი მითი ცირკულირებდა და ჩვენც და ინვესტორი კომპანიაც, მაქსიმალურად ვცდილობთ ამ მითების გაქარწყლებასა და მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

ხელისუფლებამ მიაღწია შეთანხმებას კომპანიასთან, რომ კაშხლის მშენებლობაზე სრული მორატორიუმი გამოცხადებულიყო. სწორედ კაშხალია ის დიდი ნაგებობა, რომელთან დაკავშირებითაც, ძალიან ბევრი კითხვა ვრცელდებოდა. მიღწეულია 12-თვიანი მორატორიუმი, კომპანია მხოლოდ წინასწარი სამუშაოთია შემოფარგლული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და ღამეც იქ გაათიეს. მათი მოთხოვნის მიხედვით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა.

პრემიერი აქციის ორგანიზატორების ულტიმატუმს გამოეხმაურა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა