მოსამართლეების დანიშნვის პროცესს საბჭო არ აჩერებს, ამიტომ პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა - ჯანეზაშვილი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით დღეს სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. მისი განცხადებით, საბჭომ მხედველობაში არ მიიღო შეთანხმების დოკუმენტი და საარჩევნო რეფორმის მიღებამდე დაჩქარებული წესით ცდილობს მოსამართლეები დანიშნოს. ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ შეთანხმების შესრულებაზე პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა:
"საბჭომ მხედველობაში არ მიიღო შეთანხმების დოკუმენტი და ის ნაწილი ტექსტის, სადაც შეჩერებაზე წერია. ხოლო პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები არ შეიტანა კანონში, რომ დაევალდებულებინა საბჭო ასე მოქცეულიყო. საბოლოო ჯამში მივიღეთ შედეგი, რომ საქართველოს პარლამენტი ხელს იშვერს საბჭოსკენ საბჭო კი პირიქით, პარლამენტისკენ.
მიშელის დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც ეხება უზენაესის სასამართლოს შერჩევის შეჩერებას არ სრულდება. როდესაც საუბარია იმაზე, რომ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს საბჭო ამ პროცესს არ აჩერებს და პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ დებულების შესრულებაზე", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
კელი დგენანმა და კარლ ჰარცელმა 22 მაისს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას სპეციალური წერილი გაუგზავნეს. ისინი მმართველ გუნდს აფრთხილებენ, რომ საარჩევნო რეფორმის გარეშე არ განახორციელოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩანიშნული მოსამართლეების დანიშვნის პროცედურები.