სალომე სამადაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პარლამენტს საკომიტეტო მოსმენის გამართვის ინიციატივით მიმართავს
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პარლამენტს საკომიტეტო მოსმენის გამართვის ინიციატივით მიმართავს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ საკომიტეტო მოსმენაზე გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა, ასევე პროტესტის მონაწილეებმა უნდა გასცენ დეპუტატების კითხვებს პასუხები.
„დღეს ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს. ყველაზე სწორი გამოსავალი ამ ვითარებაში არის, რომ შესაბამისმა კომიტეტმა პარლამენტში მოიწვიოს საკომიტეტო მოსმენა, სადაც დაბარებული იქნება, როგორც ქალბატონი თურნავა, ასევე გარემოს დაცვის მინისტრი და ასევე, ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის ის ადამიანები, ვინც პროტესტს მართავენ უკვე მრავალი დღეა ამ თემასთან დაკავშირებით.
ჩვენ სამუშაო ვითარებაში უნდა მოვისმინოთ პასუხები ყველა შეკითხვაზე, რაც ჰესის მშენებლობას უკავშირდება. რაც შეეხება გარემოს დაცვის სტანდარტების პატივისცემას დადებულ კონტრაქტში და სხვა შეკითხვებს, შეკითხვები არსებობს, ამ შეკითხვებს პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს, ეს მათი ვალდებულებაა. საპარლამენტო საკომიტეტო მოსმენა მეჩვენება, რომ არის ყველაზე სწორი ფორუმი მსგავსი განხილვისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.