"ამ პრეპარატის ბავშვებზე გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია" - ტილებთან ბრძოლისას ნუ დააზიანებთ შვილის ჯანმრთელობას
ბოლო ხანს ქართულ სოციალურ ქსელში მრავლად წააწყდებით, ძირითადად, დედების პოსტებს, რომელშიც ისინი ჩივიან, რომ შვილებს ტილებისგან ვერ ათავისუფლებენ:
"5 თვეა ვებრძვი ტილებს, გავაცლი, გავუსუფთავებ თავს, ერთ თვეში ისევ უჩნდება, ბოლოს დაახლოებით ორი თვის წინ მოვაშორე, აღარაფერი ყავდა და ახლა ისევ გაუჩნდა, რაც მთავარია მეც მედება, ლამისაა ავიძრო თავი ისე მექავება. როგორ მოვიშორო ისე, რო აღარ გაგვეკაროს საერთოდ".
"დღეს აღმოვაჩინე რო მე და ჩემს 4 წლის გოგოს ტილები გვყავს. გადავწყვიტე თმა შევიღებო ოღონდ, არ ვიცი, რომელი საღებავია კარგი, არასდროს შემიღებავს. ბავშვისთვის მირჩიეთ რამე ისეთი წილებიც რო მოკლას , ტილებს კი გავაცლი როგორმე მარა წილებს რა მოვუხერხო"
"ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამას დავწერდი. გვიშველეთ მეგობრებო, რით მოვაშორო ჩემს 4 წლის გოგონას ტილები?"
ამ პოსტებში დედების მთავარი კითხვაა როგორ მოაშორონ შვილებს ტილები. რჩევები განსხვავებულია. ქალები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ხშირად შეხვდებით ისეთ რჩევებს, რომელშიც ზოგიერთები ტილებთან საბრძოლველად, მათ ძაღლების რწყილის წამლის "ბარსის’ გამოყენებას ურჩევენ:
"ჩემს ბავშვს ჰყავდა ტილები არაფერმა უშველა, ვიდრე ძაღლის რწყილების წამალი არ გამოვიყენე. სულ რამდენიმე წვეთია საჭირო, ისეთი სუნი აქვს ტილი აღარასოდეს გაეკარება".
ასეთმა რჩევებმა სოციალურ ქსელში მწვავე დისკუსია გამოიწვია, რადგან ცხოველებისთვის განკუთვნილმა ტოქსიკურმა პრეპარატმა შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს.
"ქალაქში ბავშვების ჩუმი სიკვდილია! და მას უცოდინარობა ქვია! ძაღლის რწყილის წამალი, რომელიც იყიდება მხოლოდ ვეტაფთიაქში და ლეკვსაც კი კლავს, ფართოდ გამოიყენება ე.წ დედების მიერ ყველაზე ძვირფას შვილებზე!"
"ბარსის" მთავარი შემადგენელი სითხე, ტოქსიკური ნივთიერება ფიპრონილია. გარდა ამისა, ის დიფლუბენზურონსა და დიკარბოქსიმედსაც შეიცავს. ამ უკანასკნელს გამოხატული ანტიანდროგენული ეფექტი აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის მამაკაცის სასქესო ჰორმონების დონეს აქვეითებს.
დავინტერესდით რამდენად მარტივად შევძლებდით ამ პრეპარატის შეძენას ვეტერინალურ აფთიაქში. პალიტავიდეოს გადამღები ჯგუფი რამდენიმე ვეტაფთიაქს ესტუმრა. ბარსი ყველა აფთიაქში უპრობლემოდ იყიდება, თუმცა, როგორც კი გაიგეს, რომ ამ პრეპარატის გამოყენებას ბავშვის ტილების საწინააღმდეგოდ ვაპირებდით, უარით გამოგვისტუმრეს. აღსანიშნავია, რომ წამლის შეძენა სულ რაღაც 2 ლარად და 50 თეთრად არის შესაძლებელი.