თავის ტვინში მიმდინარე რომელმა პროცესება შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება და დაკარგვა?
გვესაუბრება ნევროლოგი და ნეირორეაბილიტოლოგი, ევროპის ფედერაციის ნევროლოგთა ასოციაციის წევრი, ევროპისა და საქართველოს რეაბილიტოლოგთა ასოციაციის წევრი თამარ ცქიტიშვილი. - თავის ტვინის რომელი უბანია პასუხისმგებელი მხედველობის ფუნქციაზე?
- მხედველობის ფუნქციას თავის ტვინში უზრუნველყოფს მხედველობითი ანალიზატორის შეუფერხებელი მუშაობა. მხედველობითი ანალიზატორი იწყება ორივე თვალის კაკალში მოთავსებული რთული მხედველობითი რეცეფციის სისტემიდან გამომავალი მხედველობის ნერვებით, რომლებიც თავის ქალაში შეღწევისას თავის ტვინის ფუძეზე განლაგდება. თურქული კეხის დონეზე ორივე მხედველობის ნერვის ნაწილობრივი გადაჯვარედინების შემდეგ მხედველობითი ინფორმაცია მხედველობითი ტრაქტის მეშვეობით მიემართება სათანადო ქერქქვეშა ბირთვებისკენ, საიდანაც ვრცელდება კეფის წილის შესაბამის, ე.წ.
მხედველობითი ქერქის, უბნებში.
- ცენტრალური წარმოშობის მიზეზებიდან რამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება ან დაკარგვა?
- მხედველობითი ანალიზატორის ნებისმიერ დონეზე დაზიანება იწვევს მხედველობის დარღვევას. დაზიანების მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა როგორც უშუალოდ მხედველობითი ანალიზატორის სტრუქტურის დარღვევის, ისე მიმდებარე ტვინის სტრუქტურების მექანიკური ზეგავლენის, ე.წ. მას ეფექტის, გამო. მხედველობის
დარღვევა შეიძლება განპირობებული იყოს აგრეთვე სისხლძარღვოვანი, ანთებითი, ტოქსიკურ-ინფექციური და ნეოპლაზიური მიზეზებით.
- როგორია კლინიკური ნიშნები, როდესაც მხედველობის დაკარგვა სიმსივნის, ჰემორაგიის ან ტრავმის შედეგია?
- ამ დროს ადამიანი უჩივის:
მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას;
მხედველობის ველის შევიწროებას ან გამოვარდნას;
ფოტოფსიებს (“აჭრელებულ” გამოსახულებას).
ეს ჩივილები შეიძლება განვითარდეს როგორც თანდათანობით, ისე მწვავედ. მათი გაჩენისას საჭიროა დროული კვალიფიციური ნევროლოგიური და/ან ოფთალმოლოგიური ჩარევა - გამოკვლევა, მკურნალობა. ამ სიმპტომების იგნორირება ან თვითმკურნალობა დაუშვებელია.
- შესაძლოა თუ არა, თავის ტვინის იშემიამ სიბრმავე გამოიწვიოს?
- თავის ტვინის იშემიის დროს სიბრმავე შეიძლება განვითარდეს როგორც თავის ტვინის წინა და უკანა ცირკულაციის სისხლძარღვების დაზიანების, ისე ბრაქიოცეფალურ და ვერტებრობაზილარულ აუზში, თუნდაც კისრის დონეზე, ჰემოდინამიკური ცვლილებების გამო.
- ზემოთ სიმსივნით, იშემიითა და ჰემორაგიით გამოწვეული მხედველობის დაქვეითების განვითარების მექანიზმსა და სიმპტომებზე ისაუბრეთ. ამ მდგომარეობათა განვითარების რისკფაქტორებზეც გვითხარით რამდენიმე სიტყვა?
- თავის ტვინში სიმსივნის, ჰემორაგიის, იშემიის განვითარების რისკფაქტორებია:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევა;
ჰიპერგლიკემია;
ჭარბი წონა;
მავნე ჩვევები;
ჰიპოდინამია;
სტრესი.
- როგორ მიმდინარეობს მხედველობის დაკარგვა ნერვის ატროფიის დროს?
- მხედველობის ნერვის როგორც პირველადი, ისე მეორეული ატროფიის დროს მხედველობის დარღვევა შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს:
მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით;
მხედველობის ველის შევიწროებით;
გამოსახულებაზე შავი ლაქების გაჩენით.
სრულყოფილი დიაგნოსტიკა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალისტის კონსულტაციისა და საჭირო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ.
- რა ვიღონოთ მხედველობის დარღვევების თავიდან ასაცილებლად?
- მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მოვიწესრიგოთ არტერიული წნევა, სისხლის რეოლოგიური და შედედების მაჩვენებლები, ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლა. პრობლემების წარმოშობისთანავე მივმართოთ ექიმს.