ცილოვანი დიეტა - არანაირი შიმშილი
ფიქრობთ, რომ დიეტა აუცილებლად ტანჯვასთან და შიმშილობასთან უნდა იყოს დაკავშირებული? მაშინ თქვენ არ გსმენიათ ცილოვანი დიეტის შესახებ. ცილოვანი დიეტის დაცვის პერიოდში თქვენ მოგიწევთ ხშირად და ნოყიერად კვება. ამასთან, ზედმეტ წონასაც დაკარგავთ. თუ ზამთარში მომატებული კილოგრამების დაკლება გსურთ, ცილოვანი დიეტა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. მოდით, დიეტის პრინციპში დეტალურად გავერკვეთ.
ცილა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი „მშენებელი“ ელემენტია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამიტომ, მაღალი რაოდენობის ცილების შემცველი დიეტა ძალიან პოპულარულია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ცილის დეფიციტის დროს კუნთოვანი მასა იწყებს შემცირებას, ნელ-ნელა იცვლება ცხიმით, ქვეითდება იმუნიტეტი და სტრესისადმი მდგრადობის კოეფიციენტი; სწრაფად ჩნდება დაღლილობის შეგრძნება, შესამჩნევად უარესდება კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობა. ნორმის ფარგლებში, ადამიანს 24 საათის მანძილზე, 1 გრამი სუფთა ცილა სჭირდება, წონის ყოველ კილოგრამზე.
ცილოვანი დიეტის არსი:
ცილოვანი დიეტა ემყარება შემდეგ პოსტულატებს:
მარტივი ნახშირწყლები მთლიანად გამოირიცხება;
ცილები ყოველდღიური რაციონის 60%-ს შეადგენს;
ცხიმები (მხოლოდ მცენარეული) მინიმალური რაოდენობითაა;
ცილის საკვებს ემატება ცოტა ხილი და ბოსტნეული, საჭმლის მონელების გაუმჯობესების მიზნით;
ცნობილია, რომ ნახშირწყლები ენერგიის მთავარი წყაროა. როდესაც მას რაციონიდან ამოიღებენ, ორგანიზმი იწყებს გლიკოგენის დაწვას, შემდეგ - ცხიმების.
ცილოვანი დიეტის დროს საკვები მცირე ულუფებით უნდა მიიღოთ, ყოველ 2,5-3 საათში, დღეში 5-6-ჯერ. ამასთან, ყოველდღიურად უნდა დაკავდეთ ფიტნესით.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ პროდუქტების ხარისხს. ნახევარფაბრიკატები და გაყინული პროდუქტები უნდა გამორიცხოთ რაციონიდან, რადგან მათში ყოველთვის არ გამოიყენება პირველი ხარისხის ხორცი და ცხიმი. ამას გარდა, მათში შედის მცენარეული და ქიმიური დანამატები, კონსერვანტები, საღებავები, არომატიზატორები და ა.შ.
უპირატესობა უნდა მიანიჭოთ უცხიმო ნედლ ხორცს, ფრინველს და თევზს, რადგან ლიპიდების სიმრავლე ხელს უშლის ცილის სრულ ათვისებას.
მენიუ ერთ კვირაზე
ცილოვანი დიეტა შედარებით მოკლევადიანია (7-12 დღე). რაც უფრო დიდხანს დაიცავთ მას, მით უფრო მეტი ვიტამინი და მინერალი უნდა შედიოდეს კვების რაციონში.
პირველი საუზმე:
იოგურტი (დანამატების გარეშე) ან უცხიმო კეფირი, ხაჭო, 2 კვერცხი, ჩაი ან ყავა.
მეორე საუზმე:
მწვანე ვაშლი ან ფორთოხალი, გრეიპფრუტი, კივი.
სადილი:
მოხარშული ან გამომცხვარი ქათამი ბოსტნეულთან ერთად, რუხი ბრინჯი, წიწიბურა, ოსპი ან შვრია (დაახლოებით 5 ს.კ.)
ხემსი:
მწვანე ვაშლი (ფორთოხალი, გრეიპფრუტი, კივი).
ვახშამი:
თევზი (ხბოს ხორცი, ზღვის პროდუქტები, ქათამი) ბოსტნეულის სალათასთან ერთად, ჩაი, ცოცხალი წვენი, ცოტა წყალში გაზავებული.
ყველაზე ხშირად ცილოვან დიეტას იცავენ 5-7 დღე. მისი გამეორება თვეში ერთხელ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ დაღლილობის შეგრძნება და ძილიანობა გაგიჩნდათ, გაზარდეთ ნახშირწყლების რაოდენობა.
დაშვებული ინგრედიენტები:
ქათამი (განსაკუთრებით, მკერდის ნაწილი)
კვერცხი
უცხიმო საქონლის ხორცი
ინდაურის მკერდი
რძე
ხაჭო
კეფირი
ბერძნული იოგურტი
თევზი (განსაკუთრებით, თინუსი)
კრევეტები
ბროკოლი
ბრიუსელის კომბოსტო
შვრიის ფაფა
კინოა
პარკოსნები (განსაკუთრებით, ოსპი, ტოფუ)
თხილეული (ნუში, არაქისი, გოგრის თესლი და ა.შ.).
როგორ შევწყვიტოთ დიეტა
ნებისმიერი დიეტიდან ნელ-ნელა უნდა გამოხვიდეთ, რომ დაკლებული კილოგრამები ისევ არ დაბრუნდეს. პირველ რიგში, ნუ გაზრდით მკვეთრად პორციების მოცულობას. დიეტამდე გამორიცხული პროდუქტები ნელ-ნელა უნდა დააამატოთ რაციონში. მოერიდეთ ტკბილეულს და ცომეულს. აჯობებს, გაზარდოთ ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა. ასევე - ბურღულეულის. განაგრძეთ უცხიმო ხორცის, ქათმის მკერდის, თევზისა და რძის პროდუქტების მიღება.
ცილოვანი დიეტის უპირატესობა ისაა, რომ საშუალებას გაძლევთ, მოიცილოთ 3-5 კგ რამდენიმე დღეში, შიმშილის გარეშე, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს დიეტა უნდა დაიცვათ ფრთხილად და მცირე ხნით.
marao.ge