თეგებით ძიება

რა გამოწვევის წინაშე დააყენა პანდემიამ ტყემლოვანის საჯარო სკოლა

კორონავირუსმა სასწავლო პროცესი ბევრი სკოლისთვის გაართულა - „უხილავი მტერი“ ყველასთვის მწვავე პრობლემად იქცა.

პანდემიამ გავლენა იქონია ყველა სფეროზე. დაზარალდა როგორც ჯანდაცვის სისტემა, ასევე სხვა სფეროებიც, როგორებიცაა: კულტურა, სპორტი, ტურიზმი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პანდემია შეეხო განათლების სფეროს. გამონაკლისი არც ტყემლოვანის საჯარო სკოლა ყოფილა, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდათ, რათა არ შეფერხებულიყო ხარისხიანი სასწავლო პროცესი.

TIA.GE ესაუბრა ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორს, რუსუდან ბიწაძეს, რათა გაგვეგო, რამდენად რთულია სასწავლო პროცესი პანდემიის პირობებში.

- პანდემიის პირობებში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას რა პრობლემებმა იჩინა თავი და რამდენად იყო სკოლა მზად ამისთვის?

-კოვიდ-19-მა შექმნა სრულიად ახალი რეალობა. დისტანციურმა სწავლებამ და ონლაინ განათლებამ თავდაპირველად დაბნეულობა, გაურკვევლობა და შიში შემოიტანა. ონლაინ სწავლებაზე გადართვა ძალიან სწრაფად და მოულოდნელად მოგვიხდა. ჩვენი სკოლის მასწავლებლისთვის აბსოლუტურად ახალი იყო დისტანციური და ონლაინ სწავლების ფორმატი. შესაბამისად, საკმაოდ ბევრი სირთულეც წარმოიშვა, რაც სავსებით ბუნებრივია. პირველი და ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ ძალიან ბევრ მოსწავლეს ამ დროისათვის არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან სხვადასხვა მიზეზის გამო. უმნიშვნელოვანესი საზრუნავი და საფიქრალი იყო – როგორ შეიძლებოდა მათთვის მიგვეწვდინა ხმა და მიღწეული შედეგები არ დაგვეკარგა, ნასწავლის განმტკიცებაზე გვემუშავა და ახალი ცოდნა მიგვეღო. ყველაზე მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც სკოლის გუნდი იდგა, ეს იყო პროგრამული უზრუნველყოფა. სწავლის პროცესი ონლაინ სივრცეში უნდა გადაგვეტანა ისე, რომ არ დაკარგულიყო ხარისხი და ბავშვებსაც შესძლებოდათ იმ მასალის მარტივად აღქმა, რაც უნდა გაევლოთ სკოლაში.

მეორე პრობლემა იყო მასწავლებლების და მშობლების დატრენინგება. იმის გამო, რომ აკრძალული იყო სკოლაში შეკრება და ამ საკითხების გავლა, ჩვენ მოგვიწია ყველა მასწავლებლის და ყველა მშობლის ონლაინ სივრცეში დატრენინგება, რაც საკმაოდ რთული იყო.

პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით, ჩვენ შევჩერდით სატელეფონო კავშირზე პირველ ეტაპზე. რაც შეეხება მშობლებთან კომუნიკაციას, ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე ონლაინ ჩართვა მათთან, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ „თიმსის„ აპლიკაცია. ასევე, თუკი რომელიმე მშობელს გაუჩნდებოდა კითხვა ან დასჭირდებოდა დახმარება, მზად ვიყავით ნებისმიერ დროს დასახმარებლად.

- მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მოსწავლეთა სიუხვით არ გამოირჩევა, უჭირთ თუ არა მოსწავლეებს კოვიდ რეგულაციების დაცვა სასწავლო პროცესის დროს?

- ჩვენს სასწავლო დაწესებულებაში სწავლის განახლებისთვის უსაფრთხოების ყველა წესი გაიწერა. სკოლა აღჭურვილია იმ აუცილებელი რესურსებით, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ არის რეკომენდებული. ჩვენთვის ფიზიკური დისტანციის დაცვა არ წარმოადგენს სირთულეს, რადგან ყველაზე მრავალრიცხოვანი კლასი 12 ბავშვიანია.

რა გამოწვევის წინაშე დააყენა პანდემიამ ტყემლოვანის საჯარო სკოლა


- ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მოგიწიათ, რომ გადასულიყავით დისტანციურ სწავლებაზე, ამ პერიოდში რა საჭიროებები გამოიკვეთა სწავლის ახალ ფორმატზე გადასვლისას?

- ძნელი იყო კონტროლი როგორ ტარდებოდა ონლაინ გაკვეთილები, რამდენჯერ ესწრებოდა მოსწავლე ამ გაკვეთილებს. რა ტიპის დახმარება სჭირდებოდათ მათ.
ხარისხიანი ონლაინ სწავლების დანერგვა მოითხოვს წინასწარი მომზადების პროცესს, რაც გულისხმობს ადამიანური და ტექნიური რესურსების, ელექტრონული ბიბლიოთეკებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის მზაობას. ასევე, ონლაინ სწავლების დანერგვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპიუტერულ წიგნიერებას, რაც არსებული რეალობიდან გამომდინარე დიდ გამოწვევას წარმოადგენს თითმის ყველა და მათ შორის ჩვენს სკოლაშიც.

- დისტანციური სწავლების დანერგვის პერიოდში იყო თუ არა ტექნოლოგიების გამოყენება მასწავლებელთა და მოსწავლეთა სუსტი მხარე?

- ციფრული კომპეტენციები მასწავლებელთა უმრავლესობამ აქტიურად გამოიყენა შექმნილ ვითარებაში. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კარგი პლატფორმა შემოგვთავაზა Teams პროგრამა, გამართული გზამკვლევებით. შევადგინეთ მოდიფიცირებული გეგმები და ჩავერთეთ დისტანციური სწავლების პროცესში, ყველას გვქონდა შესაძლებლობა საზოგადოებრივ მაუწყებლზე გვეყურებინა პროექტ „ტელესკოლის“ გაკვეთილებისათვის. სამასწავლებლო და სადამრიგებლო. მასწავლებელი ტელეფონითა და მესენჯერით ახდენს კომუნიკაციას როგორც მოსწავლეებთან, ისე მშობლებთან. სირთულეები ნელ-ნელა დაიძლია.

- და ბოლოს, სწავლის დასრულებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი, როგორ შეაჯამებთ გასულ და მიმდინარე წელს, რამდენად კარგად გაუმკლავდა ტყემლოვანის საჯარო სკოლა აღნიშნულ გამოწვევას?

- თუ შევაჯამებთ სასწალო წელს, შემიძლია ვთქვა, რომ ონლაინ სწავლებას არაფერი შეუფერხებია ხარისხის მხრივ. თუმცა, გავლენა იქონია ბავშვების ფსიქოლოგიაზე იმიტომ, რომ მათ აკლდათ სოციუმში გამოსვლა, თუმცა, პატარებისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა ეს პროცესი. ჯგუფური მუშაობა, ვარჯიშები და ყველაფერი ის, რაც რეალურ საკლასო ოთახში კეთდებოდა, გადმოვიტანეთ ონლაინ საკლასო ოთახში და სწავლის ხარისხის მხრივ, შეფერხება არ გვქონია, რაც უნდა აეთვისებინათ ჩვენს მოსწავლეებს ამ სასწავლო წელს, სრულად აითვისეს და მზად არიან მომავალი სასწავლო წლისათვის.

ავტორი: მირანდა ჩინჩალაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა