თეგებით ძიება

ირგვლივ ნეგატიური ახალი ამბების კორიანტელია. როგორ გავუმკლავდეთ უარყოფითი ინფორმაციის მუდმივ ნაკადს?

ჩვენი ყოველდღიურობა შედგება უამრავი ნეგატიური სიახლისგან, რომლებიც სხვადასხვა სფეროდან უწყვეტად მოედინება. ამავდროულად, გამუდმებით ვიღებთ შეტყობინებებს, რომ ამა თუ იმ პირს დახმარება სჭირდება. სპეციალისტების განმარტებით, ეს ყოველთვის არ იწვევს თანაგრძნობასა და სხვისი უბედურების გაზიარების სურვილს, რაც "წესიერი ადამიანისთვის" არის დამახასიათებელი. ექსპერტების შეფასებით, ასეთმა მუდმივმა „ზეწოლამ“ შეიძლება თანაგანცდასთან ერთად დანაშაულის შეგრძნება, საკუთარი თავის ან ახლობლების გამო შფოთვა და გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს.


როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, როდესაც ახალი ამბები ერთი მეორეზე მძიმეა და ეს ნაკადი თითქმის უწყვეტია, ზოგჯერ ადამიანი ინფორმაციის „შემოტევას“ უმკლავდება იმით, რომ თანაგრძნობას წყვეტს. ამის მიზეზი არი ის, რომ ჩვენს ფსიქიკას მუდმივი თანაგანცდა არ შეუძლია, ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს.


ამ მდგომარეობას თანაგანცდისგან დაღლილობა (compassion fatigue) ეწოდება. ეს განსაკუთრებით ხშირად აღენიშნებათ „დამხმარე პროფესიების“ მქონე ადამიანებს. ისინი შეიძლება იყვნენ ფსიქოლოგები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, საქველმოქმედო ფონდების თანამშრომლები. მსგავსი შეგრძნება, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში უნდა იყოს აღიარებული, რათა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, თუნდაც ეს ძალიან უსიამოვნო იყოს. ამით მდგომარეობა მარტივდება, რადგან ადამიანი ხვდება, რომ ეს ნორმალური მოვლენაა. ფსიქოლოგების განმარტებით, ეს არის იმის სიგნალი, რომ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის ძალიან ბევრი ან ძალიან რთულია და აღარ შეგიძლიათ მისი გადამუშავება ისე, რომ ამან პირადად თქვენზე უარყოფითად არ იმოქმედოს.

დააკორექტირეთ და შეზღუდეთ თქვენი სიახლეების წყარო
სოციალურ ქსელებში უამრავი შეტყობინებაა, რომელთა ავტორები ხან დახმარებას ითხოვენ, ხან ირგვლივ გამეფებული უსამართლობის შესახებ ჰყვებიან. ხშირად ასეთი პოსტები იწერება ისე, რომ თქვენში ძლიერი ემოცია გამოიწვიოს. ფსიქოლოგების განმარტებით, როდესაც ადამიანს დახმარება სჭირდება, ის ორიენტირებულია იმაზე, რომ სასურველი მხარდაჭერა მიიღოს. ეს ყველაფერი კი კეთდება სხვებში სიბრალულისა და თანაგრძნობის გამოწვევით. ამ მომენტში, ისინი ნამდვილად უფრო მეტს ფიქრობენ თავიანთ მიზნებზე და არა იმაზე, თუ როგორ იგრძნობენ სხვები თავს და ეს სავსებით ნორმალურია. არა და, თითოეული ადამიანი თავისთვის ითხოვს, ეს ყველაფერი უწყვეტ ნაკადად გროვდება და ჩნდება დანაშაულის შეგრძნება. ეს არის ტოქსიკური განცდა: როდესაც შენ ნამდვილად არ ხარ დამნაშავე და ვერანაირ გავლენას იქონიებ იმაზე, რაც მოხდა ან ხდება.


გამოცემა The Atlantic-ი მსგავსი შეტყობინებების ზიანს ასე აყალიბებს:


• ისინი მოითხოვენ, რომ ინერვიულოთ მაშინაც კი, როდესაც არაფრის გაკეთება არ შეიძლება: ”უნდა ინერვიულოთ, თორემ რაღაც ისე ვერ არის თქვენს თავს!”;
• როდესაც თქვენ წუხხართ ან გეშინიათ, შეგიძლიათ უნებლიედ (ან სრულიად შეგნებულად) თქვენს განცდებში სხვა ადამიანებიც ჩართოთ - უფრო სწორად, ამ მდგომარეობით სხვებიც „დააინფიციროთ“;
• მუდმივმა შფოთვამ, რომელსაც მსგავსი პოსტები და ახალი ამბები კიდევ უფრო აძლიერებს, შეიძლება გამოიწვიოს გადაღლა და გულგრილობა იმ საკითხებისამი, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად მნიშვნელოვანია.


ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს დაახლოებით იგივე რეკომენდაციები აქვს:


• შეზღუდეთ დრო - თქვენს ტელეფონში სოციალურ ქსელებზე, მესენჯერებსა და ახალი ამბების არხებზე შეზღუდვები დააყენეთ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს დღეში ნახევარი საათი - ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ დღის მთავარ სიახლეებს გაეცნოთ. უმჯობესია, წაიკითხოთ დილით ან შუადღისას - ეს პროცესი საღამომდე არ გადადოთ, რადგან ამან შეიძლება თქვენი ძილის რეჟიმზე იმოქმედოს.
• წყაროების რაოდენობა შეზღუდეთ - დატოვეთ ორი ან სამი, რომელსაც ენდობით. თუ ვიდეოს უყურებთ, თავიდან აიცილეთ ძალადობა, ცრემლები, ძლიერი ემოციური განცდები.

მაშინაც კი, თუ მედიაში მუშაობთ, შეგიძლიათ ინფორმაცია ზომიერად, გარკვეული შესვენებებით, მიიღოთ. სულ ცოტა, ნუ შეხვალთ ახალი ამბების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში თავისუფალ დროს.

კიდევ რა შეიძლება გავითვალისწინო?
სხვადასხვა ორგანიზაცია და ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი გასცემენ რეკომენდაციებს, თუ როგორ გაუმკლავდეთ სტრესს, უმწეობისა და დანაშაულის შეგრძნებას.


• აღიარეთ, რომ ბევრი რამ ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. მსოფლიოში არის ბევრი ტკივილი და ტანჯვა, უამრავი უსამართლობა და ისეთი რამ, რაც არ უნდა ხდებოდეს - იქნება ეს ძალადობა, მკვლელობები თუ ომები. მითუმეტეს, რომ ეს ყველაფერი ყოველთვის იყო, არის და სავარაუდოდ, იქნება კიდეც. შესაბამისად, ჩვენ ვერ შევძლებთ მსოფლიოს შეცვლას.
• ფრთხილად შეაფასეთ თქვენი რესურსები და შეცვალეთ წვრილმანები თქვენს ცხოვრებაში. რამდენად წარმატებით უმკლავდებით საკუთარ ცხოვრებას, ურთიერთობებს, სამსახურს, ოჯახს, ყოველდღიურობას? ისე ხდება, რომ ინფორმაციის ნაკადისთვის დიდი ყურადღების მიპყრობამ შეიძლება დაგვავიწყოს, რომ ჩვენი ცხოვრება ერთადერთია, რაც სინამდვილეში გვაქვს და რეალურად რაზეც ზემოქმედება შეგვიძლია.
• მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არსებობს სამყარო და ცხოვრება, რომელზეც თქვენ გავლენას ახდენთ. მაგალითად, შეგიძლიათ არაძალადობრივი და კეთილგანწყობის პრინციპები თქვენს ოჯახში განავითაროთ.
• გამოიყენეთ ტექნიკა, რომელიც ფოკუსირებულია თქვენს ორგანიზმზე, სუნთქვაზე და სხვ.
• იყავით ფიზიკურად აქტიური. ეს ასევე ხელს უწყობს ყურადღების გადატანას გლობალური დღის წესრიგიდან თქვენს საკუთარ ცხოვრებაზე.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა